„ამომრჩეველმა იცის, ჩვენგან რას ელოდება, იცის, რომ ჩვენ საკუთარ სიტყვას ვიცავთ, რასაც ვერ ვიტყვი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“  – „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, –  რა განსხვავებაა „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. რატომ უნდა დაუჭიროს ამომრჩეველმა მხარი „ევროპულ საქართველოს“ და არა „ნაციონალურ მოძრაობას“ მაშინ, როცა კრიტიკულ შემთხვევებში ეს ორი პარტია ისევ ერთ გუნდად გვევლინება და ამჯერადაც, „ევროპული საქართველო“ წინმსწრებად აცხადებს კოალიციის შესახებ, რომ თუ მომავალ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ მათზე წინ იქნება და პრემიერ-მინისტრის ასარჩევად ხმები დასჭირდება, ისინი მათ გვერდით დადგებიან.

„ ამომრჩეველმა წინასწარ უნდა იცოდეს, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისგან რა შემთხვევაში რას უნდა ელოდეს.

ამომრჩეველმა იცის, ჩვენგან რას ელოდება და თან იცის, რომ ჩვენ საკუთარ სიტყვას ვიცავთ, რასაც სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვიტყვი „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მაგრამ იმედი მაქვს, ახლა ასე არ იქნება. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად იმისა, ბევრ რამეში არ ეთანხმები, მოგიწევს, მხარი დაუჭირო. ჩვენი ამოცანაა და ამის ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ „ევროპული საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“ და სხვა პროდასავლური ჯგუფები, რომლებთანაც ბევრად ნაკლები საერთო მაქვს, მეტნი ვიქნებით, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია, მაგრამ რაც მთავარია, ყველა ერთად ვიქნებით მეტნი, ვიდრე 50 პროცენტი. ამ შემთხვევაში, დემოკრატიის წესი მოითხოვს, ამ კოალიციის პრემიერობის კანდიდატს მხარი დავუჭიროთ.

ცხოვრება რთული არჩევნებისგან შედგება. ყოველთვის იმას ვერ ვაკეთებთ, რაც მოგვწონს არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

აი, ეგ არის ცხოვრება, როგორც გიჭირდესო…“

კომენტარები