ანზორ აბრალავა: ვინც რუსეთთან მოლაპარაკებას ეწინააღმდეგება, თავად არის რუსეთის აგენტი!

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი მიიწურა. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველომ 90-იან წლებში შევარდნაძის რეჟიმის დროს დაკარგა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი, სააკაშვილმა კოდორის და ახალგორის რაიონებიც მიაყოლა, თანაც, თვითმარქვია რესპუბლიკების აღიარების პროცესი დაიწყო. ჭკუა საკუთარ შეცდომებზეც ვერ ვისწავლეთ და თავს არ ვუტყდებით, რამ მიგვიყვანა აგვისტოს ომამდე, რამაც ტერიტორიების 20 პროცენტი დაგვაკარგვინა. თუ მოვლენებს ალღოს დროულად არ ავუღებთ, წინ ახალი ფათერაკები გველოდება, რასაც შესაძლოა, ჩვენი სახელმწიფოებრიობაც კი შეეწიროს – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან ექსკლუზიური ინტერვიუ ყოფილმა პარლამენტარმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ანზორ აბრალავამ:

– რაც მოხდა, ყველაფერი თანმიმდევრულად დაგეგმილი და წინასწარ განსაზღვრული იყო. სააკაშვილი არის ედუარდ შევარდნაძის ლოგიკური გაგრძელება და არავინ დაიჯეროს ნაცების თაღლითური პროპაგანდა, რომლის მიხედვითაც ისინი შევარდნაძეს ემიჯნებოდნენ და ებრძოდნენ. იდეოლოგიისთვის სჭირდებოდათ, თორემ თავადაც კარეგად იციან საკუთარი პოლიტიკური წარმოშობის და ფესვების შესახებ. ამ თაღლითმა გუნდმა დიდი აფერა ჩაატარა იმისთვის, რომ საქართველო განადგურებულიყო.

რუსეთთან დაპირისპირებულის როლი მოირგეს, თუმცა რეალურად, რუსეთის საქმე აკეთეს – თავიანთი ბინძური საქმიანობა ხელოვნურად გაღვივებული ანტირუსული ისტერიის ფონზე წარმართეს. რუსეთი ვერც კი იოცნებებდა იმ შედეგებზე, რაც სააკაშვილის ბანდამ ხონჩით მიართვა – ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები რუსეთს გადასცა, გააუქმებინა მოლაპარაკებების ოთხმხრივი ფორმატი, ლიკვიდაცია მოახდინა ისეთი მობილური ეკონომიკური ზონისა, როგორიც გახლდათ ერგნეთის ბაზრობა. ყოველივე ამის შემდეგ, რუსეთის წინაშე პირისპირ აღმოვჩნდით. საჭირო იყო მხოლოდ ასანთის გაკვრა და ამაზეც წავიდნენ. შედეგად, მივიღეთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უკვე რუსეთის მიერ დამოუკიდებლად ნაღიარები რესპუბლიკები.

– ასანთი გაკრესო და… თქვენც იმას იმეორებთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო?

– ომი დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ! ქართველი ხალხის და საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომი ერთად აწარმოეს რუსეთმა და სააკაშვილის რეჟიმმა. ომი ფართო ცნებაა. ვიდრე რუსეთთან ომს დაიწყებდა, სააკაშვილის ხელისუფლებამ მანამდე ომი ჯერ საკუთარ მოსახლეობას გამოუცხადა. ის რეპრესიები, რომელსაც რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებდა, სხვა არა არის, თუ არა მასების ამბოხის თეორიის პრაქტიკაში გატარება. საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დაპირისპირება იყო იმ მასშტაბური ომის ფრაგმენტი, რომელიც რუსეთთან ომში გადაიზარდა. ნაცებს პოლიტიკური პარტია მხოლოდ თავშესაფარად სჭირდებათ. ისინი არანაირად არ არიან პარტია, არამედ ავანტიურისტული ძალაა, რომლის საბოლოო მიზანია ქართული სახელმწიფოს განადგურება! ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ნაცებმა ჩაიდინეს, ეს გახლავთ ქვეყანაში მიზანმიმართულად ზიზღზე დაფუძნებული აგრესიის, იმავდროულად, ნიჰილისტური და უიმედობის გარემოს შექმნა, რასაც ემსახურებიან ტელევიზიები. პრაქტიკულად, მათ საქართველოში უცნაური სახი ს – “რუსთავი-2” – ის და რამდენიმე არასამთავრობოს ერთობლივი დიქტატურა ჩამოაყალიბეს და ამ დიქტატურის ქვეშ დღემდე გმინავს ქართველი ხალხი. ხმას ვერავინ იღებს პრობლემის საფუძველზე – მაშინვე “რუსეთის აგენტის” იარლიყს აკერებენ.

– ამბობთ, რომ სააკაშვილმა რუსეთს ხონჩით მიართვა საქართველო… ეს მან შეგნებულად გააკეთა თუ სისულელით მოუვიდა?

– რა თქმა უნდა შეგნებულად! ის რუსეთის მსახურია, თუმცა მთელ თავის საქმიანობას ანტირუსული ისტერიით ფუთავს. ხელისუფლებაში სასათბურე პირობებში კი არ უნდა ჰყავდეთ, რაც ამ ბანდამ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სასარგებლოდ ჩაიდინა, ამისთვის ყველანი დაუყოვნებლივ უნდა იქნენ დაპატიმრებულნი.

სახელმწიფო ვერ შედგება, ვიდრე სახელმწიფო დამნაშავეები ჯეროვნად არ დაისჯებიან. სააკაშვილი ავადმყოფია, “მანია გრანდიოზა” სჭირს, რომ მიეშვათ, წელთაღრიცხვას საკუთარი დაბადების დღიდან დაიწყებდა. სამწუხაროდ, ხალხის ნაწილი აყვა. უკეთესი ცხოვრება უნდოდათ, მაგრამ ბევრი უკვე მიხვდა, ვის გულშემატკივრობდა.

– ზოგი მაინც შერჩა. რუსთაველზე მიმდინარე აქციას როგორ შეაფასებთ?

– რუსთაველზე რაც ხდება, გახლავთ გადატრიალების გადაფარვის მცდელობა, ხალხი უკვე ბოლომდე ხვდება, მაგრამ სახელმწიფო აქაც სისუსტეს იჩენს. ერთმნიშვნელოვნად, სახეზე არიან გადატრიალების ორგანიზატორები, რომელთა შორის ნიკანორ მელია ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე. ვინც ყველაფრის ინიციატორია, განზე გავიდნენ, გაერიდნენ და როშავენ, თითქოს პარლამენტში მშვიდობიანად შესვლას აპირებენ, თუმცა ხალხს ახსოვს, ასევე “მშვიდობიანად” 2003 წელს როგორ შევიდნენ პარლამენტში. ეს იყო ნარკომანების რვოლუცია. დღესაც ხომ ნარკოტიკებით გაბრუებულ ადამიანებზე დაყრდნობით მოინდომეს გადატრიალება?! დიახ, 2003 წლის ნოემბერში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრბო ნარკომანი ლიდერის წინამძღოლობით შეიჭრა პარლამენტში და მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია! გვახსოვს, ამის მერე როგორი არჩევნებიც ჩაატარეს – მაჟორიტარული ნაწილი აღიარეს და პროპორციული უარყვეს, ანუ, როგორც აწყობდათ, ისე ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს. ახლაც იგივეს აგრძელებენ. უკვე კეზერაშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება, რომელიც თვალსაჩინო სახელმწიფო დამნაშავეა. სახელმწიფოს ნება არ არის, თორემ, კანონი რომ კანონობდეს, სათითაოდ, ყურით არიან საპატიმრომდე მისაყვანი!

– ანტირუსული ისტერია ისევ მძვინვარებს. მომავალშიც ხომ არ დაგვაზარალებს, ოკუპანტთან ისტერიული ფორმით მიდგომა?

– აშკარაა, რომ აგვისტოს ომმა ვერაფერი გვასწავლა. აგვისტოს ომი წინასწარ დაგეგმილი რომ იყო, მოწმობს დევნილებისთვის ორგანიზებულად, დროის მოკლე მონაკვეთში გეტოების აშენების ფაქტი.

ომი რომ დაიწყო, საშენი მასალები უკვე მიტანილი ჰქონდათ ადგილებზე. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სახელისუფლო მენეჯმენტი იქმნება განათლების, მეცნიერების, კულტურის, სამხედრო სფეროსა და მსხვილი კორპორაციული ბიზნესის წარმომადგენლებისგან. საქართველოში კი, შეიქმნა ქუჩიდან მოყვანილ ადამიანებზე დაყრდნობით და შესაბამისი შედეგიც დადგა! ამათ დიპლომატია არ ესმით, ამიტომ ყველას, ვინც რუსეთთან დალაპარაკებაზე სიტყვას ჩამოაგდებს, მოღალატის იარლიყს აკერებენ. არადა, სახელმწიფო იმად არის სახელმწიფო, რომ პრობლემის დასარეგულირებლად ოპტიმალური კურსი შეარჩიოს. ყველა კონფლიქტი ბოლოს ხომ, მოლაპარაკების მაგიდასთან წყდება. საქართველო თავისი ისტორიის მანძილზე, ბევრჯერ იყო ოკუპირებული, თუმცა ქართველი პატრიოტი მეფეები ოკუპანტთან მოქარგული ენითაც საუბრობდნენ, რათა მოძლიერებამდე, ქვეყნისთვის ახალი ფათერაკები აერიდებინათ. ამჟამად, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებას ეწინააღმდეგება, თავად არის რუსეთი აგენტი!

– აბაშიძე-კარასინის ფორმატი დასრულდა. რისი იმედად ვიყოთ?

– ეს იყო საკმაოდ სუსტი ფორმატი. მალე კარასინს სხვა შეცვლის და ვფიქრობ, ზურაბ აბაშიძეს უნდა მიენიჭოს ყველაზე მცირე – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის წოდება და ასეთ მაღალ რანგში გაგრძელდეს რუსეთთან ურთიერთობა.

– თანამედროვე ახალგაზრდობა რომ ყოველივე რუსულის მიმართ სიძულვილის გრძნობით ყალიბდება – ეს რას მოგვიტანს?

– კარგს არაფერს. ახალგაზრდობას სწორად ინფორმირება სჭირდება.

ისინი რაც ტელევიზიიდან ესმით – იმას იმეორებენ. ცალკეული გაზეთების გამოკლებით, ტელევიზიამ და პრესამ განდევნა საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილი. სანაცვლოდ ტრიბუნა დაუთმო გაუნათლებელ, ან მტრის სამსახურში მყოფ ადამიანებს, რომლებიც ყველას, ვინც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მოთხოვნით გამოდის, აპრიორში მარგინალად და მოღალატედ აცხადებენ. ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელია ხელისუფლებაში მერკანტილური ჩინოვნიკები ჩანაცვკდნენ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანებით, რომლებიც ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა საქართველოს სასარგებლოდ გარღვევა მოხდეს. ამისთვის აუცილებელია, დემოკრატიული გარემოს ჩამოყალიბების მიზნით, ხელისუფლებაში მმართველი პარტიის საპირწონედ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ოპოზიციაში ჩაანაცვლებს ნაცებს და ქვეყანას განვითარების რელსებზე დასადგომად უბიძგებს.

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები