„არაა ფხიზელ მდგომარეობაში, ბოდავს რაღაც გატაცებაზე, მოტაცებაზე. ექსპრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არასერიოზული და…“-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში, ჟურნალისტებთან საუბრისას, „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ვიდეომასალის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა:

-„ექსპრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არასერიოზული და არანორმალურია. რეალურად, ეს ტრაგედიაა. არავის გვეპარება ეჭვი, – ეს ადამიანი არ არის ნორმალური. როგორ შეიძლება, ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს რომელიმე ადამიანს, რომელიც ამ ვიდეოს ნახავს? ჩვენი სირცხვილია, რომ ეს კაცი მართავდა ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, ამას თუ მართვა ჰქვია. ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას, ანადგურებდა ჩვენი ქვეყნის მომავალს, პერსპექტივებს, ტერიტორიებს აბარებდა ოკუპანტებს. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში ცხოვრობს ეს ადამიანი. როგორ მდგომარეობაშიცაა ამ ვიდეოში, ასეთივე არასტაბილურ მდგომარეობაშია ახლაც, ისიც და მთელი მისი გუნდი. ადამიანს რომ ასეთი ილუზიები არ ჰქონოდა, როგორ შეიძლებოდა, რომ ელემენტარული ვერ გაეთვალა, როცა აქ იპარებოდა ქურდულად. აღმოჩნდა ციხეში. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რასაც ჩვენ ვამბობთ და ვუხსნით ჩვენს მოსახლეობას, არის სრული სიმართლე. წარმოიდგინეთ, კაცი იყო ჩვენი ქვეყნის სახე, 9 წელი, მას ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა და, კიდევ ერთხელ, ასე არასერიოზულად მოიქცა, არასერიოზულად დაამთავრა. 1-ელ ოქტომბერს, ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ამომრჩეველს, როცა თავისი ფეხით შევიდა ციხეში. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, –  ახლა გვაქვს რეალური შანსი, საბოლოოდ მივხედოთ ქვეყანას, დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, ვინაიდან, არასტაბილურობის, დესტაბილიზაციის შემქმნელი ადამიანები არიან ციხეში და იქ დიდხანს დარჩებიან. მათი სასჯელი ამას ითვალისწინებს. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს – 30 ოქტომბერს, ყველანი არჩევნებზე. ძალიან გთხოვთ ყველას, არავინ არ დავრჩეთ სახლში და ამ მჩაგვრელ და ბოროტ ძალას არ მივცეთ სალაპარაკო, მათ არავითარი საბაბი არ უნდა მივცეთ, რომ თქვან, ამა თუ იმ კანდიდატმა ძლიერად ვერ მოიგო. ჩვენი ბრძენი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატი მოიგებს დიდი უპირატესობით. ყველამ ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ შემოიპარა ქვეყანაში. ეს სამარცხვინო სიტუაცია მთელმა მოსახლეობამ იხილა. აშკარად ჩანს, – არაა ფხიზელ მდგომარეობაში, ბოდავს რაღაც გატაცებაზე, მოტაცებაზე“.

ვიდეოში, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა, ტრაილერში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი კადრებია. ის უკრაინიდან თბილისამდე სხვადასხვა სცენარს წერს და თავადვე იღებს იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც დაგეგმა.

კომენტარები