„არ გამოვრიცხავთ, რომ კორუფცია კიდევ შეიძლება გამოვლინდეს, სწორედ ამას ემსახურება მერის მხრიდან ასეთი გაფრთხილება“

-„არ გამოვრიცხავთ, რომ კორუფცია კიდევ შეიძლება გამოვლინდეს, სწორედ ამას ემსახურება მერის მხრიდან ასეთი გაფრთხილება.

კორუფციაზე საუბრისას მერს კონკრეტული ფაქტები მხედველობაში არ ჰქონია. კორუფციის პრევენციაზე საუბარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა მუნიციპალიტეტში, სადაც ბიუჯეტი თითქმის მილიარდ ნახევარ ლარს აღწევს. გასული წელიც ამ თემით დავიწყეთ და ეს ისეთი თემაა, რაც მუდმივი ყურადღების ქვეშ იქნება. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, იყო გამოვლინებები და ამის მაგალითები ერთხელ და ორჯერ არ გვქონია გასულ წლებში. კონკრეტული ფაქტები ახლა მხედველობაში ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან ამას რეაგირება მოჰყვება არა დროებით, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ეს არის შეხსენებითი გაფრთხილება და მოწოდება. სტატისტიკა ახლა არ მაქვს, მაგრამ მახსოვს, რომ შარშან წლის დასაწყისშივე ჰქონდა კონკრეტულ ფაქტებს ადგილი და რეაგირებაც მოხდა. არ გამოვრიცხავთ, რომ კორუფცია კიდევ შეიძლება მოხდეს, სწორედ ამას ემსახურება მერის მხრიდან ასეთი მოწოდება მერის მოადგილეებზე, გამგებლებზე და საქალაქო სამსახურების უფროსებზე“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცახადა:

„მინდა, გავაფრთხილო ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენივე მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის პრევენციაზე, რათა  რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდში დავუდგებით, არავის დავტოვებთ მარტო პრობლემებთან, იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ვიქნებით ძალიან პრინციპულები. გვქონდა მაგალითები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან. ასე რომ, ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, მაქსიმალური ყურადღება იყოს ამ მიმართულებით, რათა პრევენცია მოხდეს და ყველანაირი პრობლემა თავიდან ავიცილოთ“

 

კომენტარები