„ასეთი დარღვევის ფაქტები, დაახლოებით 5 000-ზე მეტია, მათი ძირითადი ნაწილი, 90%-ზე მეტი, ყოფით თემებს ეხება“-შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა:

-„თუ გადავხედავთ წელიწადის განმავლობაში სტატისტიკას, ასეთი დარღვევის ფაქტები, დაახლოებით 5 000-ზე მეტია, მათი ძირითადი ნაწილი, 90%-ზე მეტი, ყოფით თემებს ეხება. ამ შემთხვევებს პოლიტიკასთან კავშირში არ აქვს.

ყველამ უნდა იფიქროს ამ პერსპექტივიდან და საკუთარ თავს დაუსვას კითხვა, – თუკი ასეთი ქმედების ობიექტი იქნება, ფიქრობს თუ არა, რომ ასეთი საქციელი უნდა იყოს დასჯილი და თუ ადამიანი ასეთ ქმედებას რამდენჯერმე ჩადის, უნდა იყოს თუ არა ის მკაცრად დასჯილი? ასეთ კითვებს თუ დავუსვამთ საკუთარ თავს, მაშინ ამ საკითხზე პასუხი მარტივი იქნება.

სამართალდამცველების მიმართ ჩადენილი დაუმორჩილებლობისა ან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევების პრევენციისთვის, მმართველმა გუნდმა სამართალდარღვევისთვის სანქციების გამკაცრება გადაწყვიტა. კონკრეტულად, ცვლილებებამდე ხულიგნობა ისჯებოდა ჯარიმით 500-დან 1 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე. ახლა იგივე რეგულაციაა, მხოლოდ პირველ შემთხვევაში. მოქალაქემ აღნიშნული მეორედ თუ გაიმეორა, შეიძლება, ჯარიმა 1 500-დან 2 000 ლარამდე ოყოს, ან პატიმრობა 5-დან 15 დღემდე.

პოლიციელს თუ გაუწია წინააღმდეგობა ან მის წინააღმდეგ ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჯარიმა 1 000-დან 4 000 ლარამდე იყო, ან პატიმრობა – 15 დღემდე. ახლა, ცვლილებების შემდეგ, პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 2 000-დან 3 000 ლარამდე იქნება, განმეორების შემთხვევაში 3 500-დან 4 500 ლარამდე, ან პატიმრობა 7-დან 15 დღემდე“.

კომენტარები