„აქამდე ამ სტატუსის დაწერა არ მინდოდა, იმიტომ რომ ვიცოდი როგორც მონათლავდნენ… ზვიად გამსახურდიას როდის დაანებებთ თავს?!“-გიორგი კალანდია

-„აქამდე ამ სტატუსის დაწერა არ მინდოდა, იმიტომ რომ ვიცოდი როგორც მონათლავდნენ, ახლა კი როცა ყველა შიმშილობა საბედნიეროდ დასრულდა მინდა ვიკითხო:- ზვიად გამსახურდიას როდის დაანებებთ თავს!?

 დიახ ისინი ვინც მას ებრძოდით და ისტორიიდანაც კი ცდილობდით მისი სახელის წაშლას, მახსოვს მაშინდელი ე.წ არჩევნების სლოგანი: „ყველა მინუს ერთი“… ეს მახსოვს, მაგრამ არ მახსოვს არც თქვენი აღშფოთება და არც პროტესტი… ისიც კარგად მახსოვს პირველ კანონიერ, პრეზიდენტს, რომელიც ბომბებითა და ზათქით დაამხეს, როგორი აღტკინებით ეძახდით მეორე დღესვე ექსპრეზიდენტს! (არადა დღემდე პრეზიდენტის სტატუსით სარგებლობს რადგან საკუთარი ვადის ამოწურვა არ აცალეს) მახსოვს თქვენი რევერანსები შევარდნაძისადმი, რომელსაც „საყვარელი“ სახელი: „ბაბუ“ შეარქვით, მახსოვს გამოთქმა: „ჯაბა ჯიგარია, რაღაცნაირად მევასება“…

 თუმცა არ მახსოვს, პირველი პრეზიდენტის შიმშილობა რომ გტკიოდათ, თან ის იძულებითი შიმშილობა, რომელიც მან ჯოჯოხეთურ სიცივეში სამეგრელოს ტყეებში, მოუხარშავი წაბლის ჭამით რომ გამოიარა… არცერთი თქვენთაგანი არ მახსოვს ჩეჩნეთში, გროზნოს პანაშვიდებზე, სადაც სამხედრო ხუნტის შიშით ჩასულები დამოუკიდებელი საქართველოს ნამდვილ მესაძირკვლეს რომ ვკრძალავდით… კარგით ვთქვათ გამსახურდია არ მოგწონდათ, მაგრამ მაშინ რატომ არ გაგაჩნდათ „ემპათიები“ მიტინგებზე დახოცილი ხალხის მისამართით!? თან ხომ ეს ის მიტინგები იყო სადაც ხალხი სტიქიურად, ყოველგვარი ქვენა მიზნისა და სარგებელის მოლოდინის გარეშე დადიოდა….

 რატომ არ გაგიჩნდათ არცერთხელ ტკივილისა და სიბრალულის გრძნობა მანიფესტაციებზე დახოცილი 20-25 წლის ბიჭების მისამართით? რატომ არ გაგახსენდათ ამ 29 წლის განმავლობაში თუნდაც ერთხელ არცერთი მათგანის მშობელი, ჭირისუფალი, მეგობარი!?

 არ გაგახსენდათ იმიტომ, რომ არ გჭირდებოდათ! არ გაგახსენდათ იმიტომ, რომ როცა ჩვენ გვხოცავდნენ და მიტინგებზე დაგვსდევდნენ თქვენ კარიერასა და ბიზნესებს იკეთებდით.. „ბაბუს“ თვითმფრინავებში იჯექით და მის ბრიფინგებს ამაყად ესწრებოდით..

 არ გახსოვდათ იმიტომ, რომ ნამდვილი კონფორმისტები იყავით და ზვიადის სახელსაც ახლა იმიტომ ახსენებთ, რომ ასე გჭირდებათ.. ჰოდა გაეშვით… ჩვენთვის მისი მომხრეებისათვის ეს შეურაცხმყოფელია, უფრო მეტიც ძალიან მტკივნეულია… გაეშვით ამ კაცს და მის წმინდა სახელს… საკმარისი დრო გქონდათ იმისათვის, რომ შეგეფასებინათ, გამოგეძიებინათ, სახალხოდ თუ სახელმწიფოებრივად დაგეგმოთ ამ ტრაგედიის შემოქმედნიც და მონაწილენიც… გაეშვით ყველანი, ჩემი თანამოასაკენიც და უფროსებიც, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ მისი სახელის ხსნებაზე ამრეზით იყურებოდით…

 ამ პოსტის ქვეშ წამოსული ბულინგისა და შეურაცხყოფების აღარ მეშინია, მივეჩვიე, ზვიადისტობის პერიოდში კი უფრო უარესი გამოვცადე და ამიტომ არნახული იმუნიტეტი გამოვიმუშავე აგრესიისადმი“, – წერს ისტორიკოსი გიორგი კალანდია  სოციალურ ქსელში.

კომენტარები