აჭარაში კორონავირუსზე მასობრივი გამოკვლევები იწყება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

„აჭარის რეგიონში კორონავირუსზე მასობრივი გამოკვლევები იწყება. ასევე, ბათუმში, ანბანის კოშკთან უფასო ტესტირებისთვის მესამე კარავი გაიხსნება. გამოკვლევის პროცესში ერთვებიან პოლიკლინიკებიც.

დღეიდან აჭარაში კარვებთან ერთად კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი. მოქალაქეებს ნიმუშის აღება – N1 პოლიკლინიკაში, N4 პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის ცენტრში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში და „ევექსის“ ბათუმის ამბულატორიაში 10:00-17:00 საათამდე შეეძლებათ.

ასევე, დაემატა კარავი და დღეიდან ტესტირება ბულვარის ტერიტორიაზე სამ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. ახალი კარავი განთავსდა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარვებში ტესტირება შესაძლებელია 11:00-23:00 საათამდე. ტესტირებისთვის ქობულეთში კარავი ლოკალიზებულია გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, კვლევის ჩატარება შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს შენობაში“.

საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ახალი შემთხვევიდან, 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება, შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა,  ხუთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 059 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

კომენტარები