გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. 

გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობდა, ბრალდებულის საქმეზე საკმარისი ნაფიცი მსაჯულის შერჩევა ვერ მოხერხდა. კობიაშვილს კი 9-თვიან პატიმრობაში ყოფნის ვადა უახლოეს დღეებში ეწურება. შესაბამისად, სასამართლომ მისი დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

-„სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას ელოდებოდა. მიმდინარეობს ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცედურა. დაახლოებით 4 პროცესია წინასწარ დანიშნული და იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესების განმავლობაში შევარჩევთ ყველა ნაფიც მსაჯულს და დავიწყებთ არსებით განხილვას, მტკიცებულებათა გამოკვლევას. ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოების წევრებს, ნაფიც მსაჯულებს გადაეწყვიტათ მერაბ კობიაშვილის ბედი, მაგრამ დაწრმუნებულები ვართ იმაში, რომ მის უდანაშაულობას ყველა დაინახავს”, – განაცხადა ადვოკატმა, ტარიელ  კაკაბაძემ.

-„ჯერ საბოლოო თავისუფლება არ არის, მხოლოდ აღკვეთი შეეცვალა. თუმცა, ბრძოლას ვაგრძელებთ, სიმართლისთვის ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. საპროცესოს არ დავთანხმდით, იმის აღიარება და ხელის მოწერა რაც იყო, ძალიან რთული იქნებოდა. მერაბი ემოციებშია. ბავშვმაც არ იცის, ახლა გზაში ვართ. პირველი რასაც გავაკეთებთ, მასთან მივალთ“, – განაცხადა მერაბ კობიაშვილის მეუღლემ, ნატა ქიტესაშვილმა.

16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

კომენტარები