ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

საქართველო კანადასთან და თუნისთან ერთად იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, -რომლებიც ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მიიღეს. ძალაში მიმდინარე კვირის ბოლოს შევა.

სია, რომელშიც საქართველო ზაფხულში მოხვდა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს წარმოადგენდა, რომლებსაც ევროკავშირში მოგზაურობა შეზღუდვების გარეშე შეეძლო.

საქართველოს მთავრობამ საჰაერო საზღვარი მხოლოდ ხუთ ქვეყანას (გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) გაუხსნა, ხოლო რეგულარული ფრენები მხოლოდ სამ ქალაქში დანიშნა – რიგა, პარიზი და მიუნხენი.

საქართველოში  ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა ყოველდღიურად 1000-ს გადააჭარბა.

საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.  ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 398 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 155 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კომენტარები