ვალერი კვარაცხელია: ჩინური რიკოშეტი და მესამე მსოფლიო ომი
«ოქროს კვეთა»
(“ასავალ-დასავალი” – N13, 23 მარტი, 2020 წ.)
ვალერი კვარაცხელია: – გამარჯობა, ძვირფასო ტელემკითხველო! «ასავალ-დასავალის» ეთერშია გადაცემა «ოქროს კვეთა», რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე – ვალერი კვარაცხელია.
რა არის კორონავირუსი?
რა იმალება მის უკან?
რას უქადის იგი მსოფლიოს?
როგორი იქნება პოსტკორონავირუსული ეპოქა?
ცოტა რამ კაცობრიობის საშინელი ისტორიიდან:
ყველაზე სასტიკმა და სისხლისმღვრელმა მეორე მსოფლიო ომმა, სადაც ბირთვული იარაღიც კი გამოიყენეს, მხოლოდ სამოცდაათი მილიონი ადამიანის განადგურება შეძლო.
მხოლოდ-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ სხვა და სხვა სახის ინფექციურ დაავადებებს გაცილებით მაღალი შედეგებიც უჩვენებიათ:
მეექვსე საუკუნეში ბიზანტიაში გავრცელებულმა ჭირმა, რომელსაც იმპერატორ იუსტინიანეს სახელი ეწოდა, ევროპაში 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მეთოთხმეტე საუკუნეში ე.წ. შავ ჭირს 200 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ანუ ევროპის მაშინდელი მოსახლეობის ნახევარი გაწყდა.
მეოცე საუკუნის დასაწყისში მასობრივი სიკვდილის მთესველმა ურჩხულმა მთელი პლანეტა მოიცვა და 550 მილიონი (პლანეტის მაშინდელი მოსახლეობის ოცდაცხრა პროცენტი) დააინფიცირა, 100 მილიონზე მეტი კი, შეიწირა. მას ესპანური გრიპი ერქვა.
ამგვარი შავი ფურცელი მრავლადაა ისტორიაში.
მასობრივი ხოცვა-ჟლეტვისკენ მიდრეკილ რეჟიმებს უძველესი ეპოქებიდანვე უჩნდებოდათ ცდუნება იაფი ომის წარმოებისა და საომარ იარაღად ვირუსების გამოყენებისა. მიუხედავად საერთაშორისო აკრძალვებისა, იარაღის ეს სახეობა დღეს ძალიან დახვეწილია. ამიტომაც, კორონავირუსთან დაკავშირებით ბიოლოგიური დივერსიის ბოლომდე გამორიცხვა, უბრალოდ, სწორი არ იქნება. მითუმეტეს, რომ შემაშფოთებელი განცხადებები უკვე გაკეთდა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ კორონავირუსი (COVID-19) ჩინეთში შესაძლებელია ამერიკელი სამხედროების მიერ იყო შეტანილი.
ჩჯაო ლიცზიანი (ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი): – აშშ-თან გვაქვს შეკითხვები. პირველ რიგში იმასთან დაკავშირებით, რომ იქნებ აშშ-ის არმიამ შემოიტანა ეპიდემია უხანში.
ვალერი კვარაცხელია: – დამეთანხმებით, რომ ჩინეთი
არ არის ის სახელმწიფო, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დაუფიქრებელ განცხადებას წამიოსროდა. მიუხედავად ამისა, ეს განცხადება არ არის საკმარისი ჩინეთის წინააღმდეგ ბიოლოგიურ დივერსიაში აშშ-ის დასადანაშაულებლად, მაგრამ ეს სავსებით საკმარისია იმის სათქმელად, რომ ასეთი ეჭვები არსებობს და ამ ეჭვების შესახებ ხმამაღალ განცხადებებსაც არ ერიდებიან.
მაიკ პომპეო (აშშ-ის სახელმწიფო მდივანი): – ყველა სახის დეზინფორმაცია რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან მოდის!
ვალერი კვარაცხელია: – ასეთი განცხადებები უფრო მეტი დაფიქრების საფუძველს გვიქმნის, თუკი გავიხსენებთ როგორია ამ ორ უზარმაზარ სახელმწიფოს შორის ბოლო დროინდელი ურთიერთობები, საერთოდ.
BBC: აშშ ჩინეთთან სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომის დასაწყებად ემზადება. დონალდ ტრამპი პეკინს არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში ადანაშაულებს და მისგან სასაწრაფო კაპიტულაციას მოითხოვს. ჩინეთი დათმობას არ აპირებს.
დონალდ ტრამპი (აშშ-ის პრეზიდენტი): – ჩინეთი, როგორც ღუზა, ჩვენს ეკონომიკას დაბლა ექაჩებოდა. ჩინეთი გვკლავდა უსამართლო სავაჭრო შეთანხმებებით!
ვალერი კვარაცხელია: – ამ კონკრეტული მაგალითების გარეშეც ყველასთვის ნათელია თუ რა მასშტაბისაა შინაგანი წინააღმდეგობა კაპიტალისტურ ამერიკასა და კომუნისტურ ჩინეთს შორის, რაც ეჭვებს აძლიერებს.
ძალიან დიდი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ იმას თუ სად გაჩნდება პირველად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
The Associated Press: ამერიკელმა მეცნიერებმა დაიწყეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები ადამიანებზე. გამოკვლევებში, რომელსაც სიეტლის კვლევით ინსტიტუტში – «Kaiser Permanente Washington Research» აწარმოებენ, ორმოცდახუთი მოხალისე მონაწილეობს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში ორ-ორ დოზას იღებენ.
ვალერი კვარაცხელია: – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ ჩინეთში, ისრაელში, ევროპაში, ამერიკაში, რუსეთში, იაპონიაში. ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც მაღალია შესაბამისი სამეცნიერო პოტენციალი, მაგრამ აშშ საეჭვოდ დაწინაურდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არც ესაა პირდაპირი სამხილი ვინმეს წინააღმდეგ, მაგრამ ფიქრისა და განსჯის საფუძველს იძლევა და ეჭვებისათვის კიდევ ერთი ეჭვის მიმატებისკენ გვიბიძგებს: ამერიკელებს ეს ვაქცინა იქნებ სულაც არა აქვთ შესაქმნელი, რადგან იგი ერთხელ უკვე აქვთ შექმნილი იმავე ლაბორატორიაში, სადაც კორონავირუსი შეჰქმნეს.
ვაქცინა თუ არ არსებობს, დღევანდელი მეცნიერები მას აუცილებლად შეჰქმნიან, მაგრამ პროცესი შესაძლებელია გაიწელოს. ხოლო, ვაქცინა თუ არსებობს, ასეთ შემთხვევაში მას, რა თქმა უნდა, გამოაჩენენ, მაგრამ მხოლოდ იმ დროს, როდესაც საჭიროდ ჩათვლიან. საჭიროდ კი მაშინ ჩათვლიან, როდესაც პროცესები იქამდე მივა, რაც დაგეგმილი აქვთ, მაგრამ რა აქვთ დაგეგმილი, ესაა საკითხავი!
BLOOMBERG: კორონავირუსის ეპიდემიის გამო მსოფლიოს ეკონომიკამ შესაძლებელია დაკარგოს 2,7 ტრილიონი დოლარი.
ვალერი კვარაცხელია: – მსჯელობამ ძალიან სერიოზულ თემასთან მიგვიყვანა – 2,7 ტრილიონი დოლარის ზარალი მსოფლიოს ეკონომიკას. აი, თურმე, რა კოლოსალური შედეგების მიღწევა შეიძლება კორონავირუსის გამოყენებით.
2,7 ტრილიონი დოლარის თუნდაც ნახევარი ან მესამედი ზარალი ჩინეთის ეკონომიკისთვის რომ მიეყენებინა, ამერიკა მას ჯიბეში ჩაისვამდა. უნდა ვიფიქროთ, რომ ასე სარფიანი ოპერაციის ჩატარება გარკვეულ რისკადაც უღირდათ ამერიკელებს და იმ მსხვერპლადაც, ადამიანთა სიცოცხლის სახით რომ უნდა შეწირვოდა მათ ამ გლობალურ ავანტიურას.
უღირდათ იმიტომაც, რომ ახალი გლობალური კატასტროფები და კრიზისები (ომი, პანდემია) ძველი კრიზისების მოჩვენებითი გადლახვისა და დანაშაულთა ჩამოწერის ნაცადი მეთოდია.
უღირდათ იმიტომაც, რომ ის ძალები, რომლებიც ამ პროცესებს მართავენ, მსოფლიო ეკონომიკის ნგრევის გზით მსოფლიოზე გაბატონებას გეგმავენ.
უღირდათ იმიტომაც, რომ ამ გლობალური ავანტიურის პირველი მსხვერპლი ჩინეთის სოციალისტური ეკონომიკა უნდა ყოფილიყო და კაპიტალისტური ლეგალური ბანდიტიზმი მსოფლიოში უალტერნატივოდ დარჩებოდა.
უღირდათ, მაგრამ… მოხდა დაუჯერებელი რამ. ჩინეთმა უმოკლეს დროში დაამარცხა კორონავირუსი, რასაც არავინ მოელოდა. მეტიც, მან უცნაური რიკოშეტით აისხლიტა იგი და მასობრივი სიკვდილის მთესველი ეს ბიოუბედურება ამერიკასა და მის უთავმოყვარეო ვასალად ქცეულ ევროპას, ბუმერანგის ეფექტით, უკანვე მიუბრუნა. თეატრში, სადაც მსოფლიო მოვლენათა სპექტაკლი მიმდინარეობს, პარტერისა და ბენუარის ლოჟების ფუმფულა სავარძლებში ჩინური ტრაგედიის საყურებლად კომფორტულად მოკალათებულ ამერიკელებს და ევროპელებს კორონავირუსი შემაძრწუნებელ შურისძიებად მოევლინათ, ჩინეთი კი თავად აღმოჩნდა მაყურებლისა და, ასე განსაჯეთ, მშველელის როლშიც.
სიტუაციის ამგვარი წარმოუდგენელი შემობრუნება არავინ იცის რა განვითარებას ჰპოვებს გლობალურ პრობლემათა შორის უთავბოლოდ მოდრეიფე მსოფლიოში.
ძალიან ღრმად რომ არ შეგვიტყუოს ვარაუდებმა, მოსალოდნელ შედეგებზე მსჯელობა ცოტა ხნით გადავდოთ და თვალი უკვე დამდგარ შედეგებს გადავავლოთ.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ ევროკავშირში ქაოტური პროცესები დაიწყო, არამარტო ჯანდაცვის სისტემების თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც.
ИЗВЕСТИЯ: სლოვენიამ გამოაცხადა იტალიასთან საზღვრის დაკეტვის შესახებ. სლოვაკეთმა, ჩეხეთმა, ესტონეთმა და ლატვიამ შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა. დანიამ ჩაკეტა ავიამიმოსვლა წითელი ზონის ქვეყნებთან. ავსტრიამ ჩაკეტა საზღვარი იტალიასთან. საფრანგეთმა ჩაკეტა საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებთან. გერმანიამ კი, საზღვრების ჩაკეტვა არ მიიჩნია ეფექტურ ღონისძიებად…
ვალერი კვარაცხელია: – გარდა ამისა…
BBC: 13 მარტს, შუაღამეს, ძალაში შევიდა ევროპელებისთვის აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის ოცდაათდღიანი აკრძალვა. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ტრამპის კარანტინი არ შეეხო, დიდი ბრიტანეთია, რომელიც აღარ არის ევროკავშირის წევრი.
REUTERS: აშშ-სა და ევროკავშირს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით არც წინასწარი შეთანხმება ყოფილა, არც შეტყობინება, არც კოორდინირებული ქმედებები.
ვალერი კვარაცხელია: – მოგვიანებით, ევროსაბჭოს მეთაურის შარლ მიშელისა და ევროსაბჭოს კომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლიაიენის ერთობლივ განცხადებაში პრეზიდენტ ტრამპის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სერიოზული უკმაყოფილება გამოითქვა.
შარლ მიშელი (ევროსაბჭოს თავმჯდომარე): ურსულა ფონ დერ ლიაიენი (ევროსაბჭოს კომისიის თავმჯდომარე): – ევროკავშირი არ იწონებს აშშ-ის ცალმხრივ გადაწყვეტილებას ევროპელებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით.
ვალერი კვარაცხელია: ერთი სიტყვით, გაუგებრობებისა და გაუცხოვების ელემენტები არამარტო ევროკავშირის შიგნით, არამედ აშშ-სა და ევროპის ურთიერთობებშიც გაჩნდა და, რაც მთავარია, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორისაც დაიწყო. ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც ყველაფერი გლობალიზაციისა და უსაზღვრო-უვიზო ურთიერთობების მიმართულებით მიდიოდა, ერთბაშად, საზღვრებიც გაჩნდა და რკინის ფარდებიც. ევროპის სახელმწიფოებმა ერთმანეთისგან სასაზღვრო გამიჯვნა ქვის უზარმაზარი ლოდებითა და ბეტონის ფილებით დაიწყეს…
წეღან ვთქვი, ვარაუდებმა ისეთ სიღრმეში არ შეგვიტყუოს, რომ საბოლოოდ დავიბნეთ-მეთქი, მაგრამ კიდევ ერთი თამამი ვარაუდის გამოთქმის უფლებას მაინც დავიტოვებ. იმ ძალას, ვინც მსოფლიოს ეს უბედურება მოახვია თავს, შესაძლებელია, ჩინური რიკოშეტიც გათვალისწინებული ჰქონდა. დააკვირდით: კორონავირუსი, რატომღაც, იმ ქვეყნებს აზიანებს განსაკუთრებულად და გამორჩეულად, რომლებსაც აშშ-თან უთანხმოება აქვთ: ჩინეთი, ირანი, ევროკავშირი, რუსეთი. მართალია, რუსეთი ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით, ჯერჯერობით, არ შედის გამორჩეულად დაზიანებული ქვეყნების სიაში, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი ნავთობის ფასის კატასტროფული ვარდნაა, რაც რუსეთის ეკონომიკას კი არა, თვითონ რუსეთს ანგრევს.
კიდევ ერთი დაზუსტება.
ვინმე შეიძლება შემომედავოს, რომ ევროკავშირი არ არის აშშ-თან ანტაგონისტურ დამოკიდებულებაშიო, რაც არ არის სწორი. ევროკავშირს ტრამპზე დიდი მტერი არასოდეს ჰყოლია, რადგან მას ევროპის სახელმწიფოებთან სუზერენისა და ვასალის ურთიერთობების ჩამოყალიბების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს. ამის შესახებ თვითონ ევროპელები ლაპარაკოობენ.
REUTERS: ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ევროკავშირის მთავარი პრობლემა უწოდა.
დონალდ ტუსკი (ევროსაბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე): აშშ-ის პრეზიდენტი ღიად გამოდის ერთიანი ევროპის წინააღმდეგ. იგი მხარს უჭერს ”Brexit-ს” და ლოცულობს ევროკავშირის დაშლისთვის.
ვალერი კვარაცხელია: – ზემოთ გამოთქმულ ეჭვებსა და ვარაუდებს ამასაც თუ მივუმატებთ, რომ კორონავირუსი, როგორც უკვე ვთქვი, რატომღაც, იმ სახელმწიფოებს აზიანებს განსაკუთრებულად, რომლებთანაც აშშ-ს პრობლემები და შეუთავსებლობა აქვს, ვფიქრობ, განსჯისთვის სერიოზული მასალა დაგვიგროვდა.
კორონავირუსიის პანდემიის შედეგად გამოწვეული პანიკა საქართველოშიც მაღალია. ყველას აინტერესებს, ჩვენთვის ამ უმძიმეს ჟამს როგორ და რით გვეხმარებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტელეჟურნალისტმა სწორედ ეს შეკითხვა დაუსვა.
წამყვანი: – გვაქვს თუ არა კორონავირუსის დამდგენი ტესტების საკმარისი რაოდენობა, ვყიდულობთ თუ პარტნიორი ქვეყნები გვეხმარებიან?
გიორგი გახარია (საქართველოს პრემიერ-მინისტრი): – ჩინეთმა გამოგვიგზავნა. ჩვენს დასავლეთელ პარტნიორებს, სამწუხაროდ, უფრო უჭირთ, ვიდრე ჩვენ… და არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც, პირიქით, იქით ვეხმარებით…
ვალერი კვარაცხელია: – პრემიერ-მინისტრის ეს საინტერესო აღიარება იმაზე მეტყველებს, რომ ბიოლოგიურ-პოლიტიკურმა ვირუსმა, რომელიც მთელ მსოფლიოში ბობოქრობს, ქართულ ხანგრძლივ სიზმარს ევროკავშირისა და აშშ-ის პარტნიორობასა და მფარველობაზე, როგორც ჩანს, დიდი, მსუქანი და საბოლოო წერტილი დაუსვა.
ამ გადაცემის ჩაწერის მომენტისთვის ასეთია კორონავირუსთან დაკავშირებული საკვანძო პერიპეტიები. ის, თუ რამდენად შეესაბამება ჩემი ეჭვები და ვარაუდები სიმართლეს, მომავალში გაირკვევა. ზოგიერთი არსებითი ხასიათის შედეგი კი დღესაც ჩანს:
1. კორონავირუსის პანდემიის სახით მიმდინარეობს მესამე მსოფლიო ომი, რომელიც, კლასიკური ომებისგან განსხვავებით, პირდაპირ, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაა გამიზნული. კაცობრიობაზე დარტყმა ხორციელდება სამი მიმართულებით: ბიოლოგიური; ფსიქოტრონულ-ინფორმაციული; ეკონომიკური!
2. ჩინეთის მაგალითზე დადასტურდა, რომ კაპიტალისტურ სისტემასთან შედარებით სოციალისტური სისტემის უპირატესობა არამარტო საციალურ სამართლიანობაში, არამედ ექსტრემალური ვითარებისა და გლობალური კატასტროფების პირობებში მობილურობისა და ორგანიზებულობის მაღალ შესაძლებლობებშიც ვლინდება!
3. ევროკავშირი, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური წარმონაქმნი იმ ნანგრევებად იქცა, რომლის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. რიგში დგას ამერიკული და, ზოგადად, დასავლური იმპერიალიზმი, რუსეთის ჩათვლით!
4. ჩინურმა რიკოშეტმა პლანეტის წინააღმდეგ ამხედრებულ ფარულ მსოფლიო მთავრობას უკვე აურია თავ-გზა და კაცობრიობას მათგან განთავისუფლების შანსი გაუჩინა!
5. მიუხედავად იმისა, არის თუ არა კორონავირუსის პანდემია ბიოლოგიური დივერსიის შედეგი, მან გააშიშვლა კაპიტალიზმის ყოვლად უზნეო სახე და მისი სრული უსუსურობა მის მიერვე შექმნილი კრიზისების დაძლევის საქმეში.
6. მსოფლიოში სიტუაცია არამარტო პანდემიურად კრიზისული, არამედ პანდემიურად რევოლუციური გახდა. კაპიტალიზმის მზე ჩადის!
ნუ იდარდებთ, კაცობრიობა, მას თუ გადარჩენა უწერია, ცხედრებით მოფენილი გზებითა და ცრემლებით გადარეცხილი ბილიკებით სამშვიდობოს გააღწევს და მძიმე ტანჯვა-წვალებით შობს იმ მომავალს, სადაც ვეღარ იბოგინებს ღორული ინსტინქტებით აღჭურვილი მჩაგვრელი კასტა, რომელიც, პუშკინის ენით თუ ვიტყვით, მუდმივად ეცდება გააჩაღოს – пир во время чумы!
ასეთი იყო დღეს ”ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!
P.S.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ერის გადარჩენა ახლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობის საკითხად იქცა.
ღმერთი გფარავდეთ!