„თამამად შეიძლება ითქვას,  ეს არის  ისტორიული კენჭისყრა“ – ირაკლი კობახიძე

-„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ კოლეგებს, კანონპროექტის მხარდაჭერისკენ. თამამად შეიძლება ითქვას,  ეს არის  ისტორიული კენჭისყრა.

ეს იქნება კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი პასუხისმგებლობით, რომელიც გვაკისრია, მათ შორის, რვა მარტის შეთანხმებით, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით გავაფორმეთ“ – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

117 ხმით საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. წინააღმდეგი იყო 3 დეპუტატი.  კენჭისყრაზე რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.

ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმი“ გულისხმობს, პარტიას, რომელიც პროპორციული სისტემით ხმების 40%-ზე მეტს ვერ მოიპოვებს, საპარლამენტო უმრავლესობის მიღების საშუალება არ ექნება.

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, „ნაციონალური მოძრაობამ“ და „ევროპული საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღეს.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებების თანახმად, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, საარჩევნო ბლოკებისთვის კი ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. ასევე, გაუნაწილებელი მანდატები, თუ ასეთი იქნება, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და ბლოკებზე.

პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც, კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს.

„აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს; ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს“, – წერია კანონპროექტში.

კომენტარები