თბილისის მერია სასწავლო, სამედიცინო და სხვა მუნიციპალური პროგრამების სახელფასო დაფინანსებას გააგრძელებს

ედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა.

-„თბილისის მერია სასწავლო, სამედიცინო და სხვა მუნიციპალური პროგრამების სახელფასო დაფინანსებას გააგრძელებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს და ეძებს გზებს, ვირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად, როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ მდგომარეობა ჩვენს მოსახლეობას.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი და რიგი სასწავლო, სამედიცინო თუ სხვა ტიპის მუნიციპალური პროგრამების მუშაობა.

თბილისის მერია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და იმის გამო, რომ ამ პროგრამებსა და დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები ამ რთულ სიტუაციაში შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, უწყვეტად განვაგრძობთ ამ პროგრამების (სახელფასო) დაფინანსებას.

მომსახურების შეჩერების მიუხედავად, გაგრძელდება – არამუნიციპალური სპორტული სკოლების, საცურაო აუზებისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ COVID 19-ის გავრცელებით გამოწვეული საფრთხის პერიოდის დასრულების შემდეგ, პედაგოგ-მასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ ყველა გაცდენილი საათი.

გაგრძელდება სოციალურად დაუცველი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამის დაფინანსება.

სწავლების შეჩერების მიუხედავად, გაიცემა მერიის ბალანსზე არსებულ კულტურული, სპორტული, საგანმანათლებო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის – მწვრთნელებისა და პედაგოგების მარტის თვის სახელფასო ანაზღაურება. მათ შორის საუბარია ხელოვნების სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებზეც.

ჯამში, ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ თბილისის მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-დე პედაგოგის, მწვრთნელის და თერაპევტის ხელფასების დაფინანსებას, რომლებიც სასწავლო პერიოდში, ყოველთვიურად დაახლოებით 25 ათასამდე ბავშვსა და ახალგაზრდას ემსახურებიან.

ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი გუნდისთვის უპირველესი მიზანი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათზე ზრუნვაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვირსუსის გავრცელებას ეკონომიკური ეფექტებიც მოჰყვება, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი ინიციატივები შეამსუბუქებს და დასაქმებულ ადამიანებს, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელ სამსახურებს დაფინანსებას სრულად შეუნარჩუნებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. დაავადება გამოუვლინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის სხვა შემთხვევები იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება.

14 მარტს საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.

აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 15 მარტს დადასტურდა.

ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა, სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით გადავადდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კრონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს  ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.

კომენტარები