„თბილისსა და იმერეთის რეგიონში ხვალიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს“

-„ჩვენი ძირითადი სტრატეგია გახლავთ სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვები, რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი. იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, მივიღეთ გადაწყვეტილება,  თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა  22:00 საათიდან შეიზღუდება. ეს მოგვცემს საშუალებას, ვირუსის გავრცელება შევანელოთ.

ეს საკმარისი არ არის, ვინაიდან, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მათ შორის მოქალაქეებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, რომელიც გადანაწილებულია პირველ რიგში, მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, ორგანიზაციებსა და ჩვენს მოქალაქეებზე. სამწუხაროდ, რვა თვის შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, ვერავინ მოიგონა უფრო ეფექტური წამალი, ვიდრე პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანა. ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალებები, ამით შეგვიძლია, საკუთარი თავი და ჩვენი ახლობლები დავიცვათ. ამიტომ, მოგეხსენებათ, პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ შენობებში და ეპიდემიოლოგების უკიდურესი რეკომენდაციაა, პირბადე ვატაროთ ღია სივრცეებშიც. ეს არ არის რთული. სულ ცოტა მომდევნო ერთი წელი პირბადე ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ორგანიზაციებს, დაიცვან ეს წესები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სავაჭრო ორგანიზაციებს და დაწესებულებებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა.

აჭარაში 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 189 იყო), იმერეთში – 104 (გუშინ 150 იყო); სამეგრელო ზემო-სვანეთი – 57 (გუშინ 3 იყო); ქვემო ქართლში – 44; შიდა ქართლში – 21; კახეთსა და გურიაში – 13. მცხეთა მთიანეთი – 11; სამცხე ჯავახეთი – 3, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმს, იქ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები