თეიმურაზ შარაშენიძე – უკრაინაში პრემიერის ოფიციალურ შეხვედრებზე წამყვანი ადგილი ეკავა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობას, ორივე ქვეყანა მხარს უჭერს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს

უკრაინაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხილულ საკითხებს შორის წამყვანი ადგილი ეკავა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობას.

მისივე თქმით, ორივე ქვეყანა – საქართველო და უკრაინა ცალსახად მხარს უჭერენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს.

„უკვე მეორე დღეა, უკრაინაში ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი, გუშინ ის გაეცნო დასავლეთ უკრაინის, კერძოდ, ლვოვის ოლქის პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ მიღწევებს, დღეს კი დილიდან შეუდგა ოფიციალურ შეხვედრებს დედაქალაქ კიევში. მან უკვე გამართა შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ შმიგალთან და პარლამენტის, უმაღლესი რადას თავმჯდომარე ბატონ დიმიტრი რაზუმკოვთან. განხილულ საკითხებს შორის წამყვანი ადგილი ეკავა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობას, ცალსახად ორივე ქვეყანა აღიარებს და მხარს უჭერს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ.

მისივე განმარტებით, ოფიციალურ შეხვედრებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.

„აღსანიშნავია, რომ წელს გვაქვს გარკვეული მიღწევები ამ მხრივ. პირველი ექვსი თვის მონაცემებით, 404 მილიონი დოლარი არის საქონელ ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, რაც 28 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია კოვიდ სიტუაციის გათვალისწინებით, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისა და სატრანსპორტო ურთიერთობებს. აქაც გარკვეული წინსვლა არის საბორნე საავტომლბილო გადაზიდვები საკმაოდ მაღალ დონეზე სრულდება და ვიმედოვნებთ, რომ ასევე გაგრძელდება წლის ბოლომდე. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ტურისტულ სფეროში, სეზონების მიუხედავად, ზამთარში, გაზაფხულზე, ზაფხულშიც და შემოდგომაზეც საკმაოდ დიდი რაოდენობის ტურისტები  სტუმრობენ უკრაინიდან საქართველოს და ვფიქრობ, რომ ეს ტრადიციაც გაგრძელდება“, – აღნიშნა თეიმურაზ შარაშენიძემ.

 

წყარო: “1tv.ge”.

კომენტარები