„თურქეთი არ დაამტკიცებს შვედეთისა და ფინეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანების…“ – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არ დაამტკიცებს შვედეთისა და ფინეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანების შესახებ და სტოკჰოლმი და ჰელსინკი ტერორიზმის წინააღმდეგ მკაფიო პოზიციის არდაკავების გამო გააკრიტიკა.

შვედეთის მთავრობამ დღეს ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ. 15 მაისს, ფინეთმა განაცხადა, რომ იგი ასევე აპირებს ნატოში გაწევრიანებას.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების განაცხადი ნატოს 30-მა წევრმა სახელმწიფომ ერთხმად უნდა დაამტკიცოს.

„არცერთ ქვეყანას [შვედეთი და ფინეთი] არ აქვს მკაფიო პოზიცია ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანმა შვედეთს ტერორისტული ორგანიზაციების კერა უწოდა და დასძინა, რომ მათ პარლამენტში ტერორისტები ჰყავთ.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დადებით პასუხს არ გავცემთ იმ ქვეყნებს, რომლებიც სანქციებს იყენებენ თურქეთის მიმართ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

შვედეთისა და ფინეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები თურქეთში გამგზავრებას გეგმავენ ანკარას პოზიციის განსახილველად. თუმცა, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ უნდა შეწუხდნენ თურქეთის დარწმუნებით.

„ამბობენ, რომ თურქეთში ჩამოვლენ. ჩამოვლენ, რათა დაგვარწმუნონ? მაპატიეთ, მაგრამ არ უნდა შეწუხდნენ“, – აღნიშნა მან.

13 მაისს, ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მისივე თქმით, შვედეთი და სხვა სკანდინავიური ქვეყნები მხარს უჭერდნენ ქურთების შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებს უწოდებს.

კომენტარები