„იმ კორპუსში, სადაც ძლიერი აფეთქება მოხდა, კუსტარულად დამონატაჟებული წყლის გამაცხელებელი იყო ჩახსნილი“

კომპანია „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის, ნათია მიქიაშვილის განცხადებით:

„გურამიშვილის გამზირზე , იმ კორპუსში, სადაც ძლიერი აფეთქება მოხდა, კომპანიის შემოწმების ჯგუფს კუსტარულად დამონატაჟებული წყლის გამაცხელებელი ჰქონდა ჩახსნილი.

ჩვენი თანამშრომლის მიერ მითითებულია, რომ არ შეიძლება ამ წყალგამაცხელებლის ჩართვა, რადგან ის სიცოცხლისთვის საშიში იყო.

შემოწმდა ბოლო რამდენიმე თვეში „თბილის ენერჯის“ ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები. გაზის შესაძლო კონცენტრაციის, სუნის ან რაიმე ტიპის გაუმართაობის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. შესაბამისად, მომხდარის მიზეზებზე შეგვეძლება საუბარი მას შემდეგ, რაც ექსპერტები და საგამოძიებო უწყების თანამშრომლები მუშაობას დაასრულებენ“.

„წელიწადში ერთხელ „თბილისი ენერჯი“ ატარებს გეგმიურ შემოწმებას და ყოველწლიურად, ყველა მისამართზე ასეთი შემოწმება მეორდება. ამასთან ერთად, ნებისმიერი აბონენტი, რომელიც დარეკავს და მოითხოვს შემოწმდეს მის საცხოვრებელში არსებული გაზის ქსელის გაყვანილობა, აბსოლუტურად უსასყიდლოდ ხდება აღნიშნული გაზის ქსელის შემოწმება და გაიცემა საბუთი, უსაფრთხოა თუ არა ის.

გვაქვს შემაშფოთებელი სტატისტიკა. 5000-მდე აბონენტმა ხელმეორედ მოახდინა კუსტარულად დანადგარის დაერთება“.

19 ოქტომბერს, გურამიშვილის ქუჩაზე, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გამთენიისას ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. დაშავდა ოთხი ადამიანი. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

 

კომენტარები