ირმა ინაშვილი: „აქციაში შიდა ქართლიდან ბასიშვილის ზონდერ-დაჯგუფება მონაწილეობდა, რომლის წევრებიც (ჩვენი უმოწყალო დარბევისთვის) სოლიდური პრემიებით დააჯილდოვეს“

-„მე და მერაბ ჭიქაშვილი დღეს 15 ივნისის აქციის დარბევას ვიხსენებდით. მართალია, ეს იყო ყველაზე პატარა მასშტაბის შეკრება, რომელშიც ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, მაგრამ სააკაშვილის ზონდერებმა და პოლიციელებმა ეს აქცია ყველაზე სასტიკი ფორმით დაარბიეს. მაშინვე იყო ცნობილი, რომ ამ აქციაში შიდა ქართლიდან ბასიშვილის ზონდერ-დაჯგუფება მონაწილეობდა, რომლის წევრებიც (ჩვენი უმოწყალო დარბევისთვის) სოლიდური პრემიებით დააჯილდოვეს. იმ დღეს რამდენიმე ზონდერმა, ვიდეოკამერის წართმევის მიზნით, იმდენი მირტყა, რომ მარჯვენა ხელის მყესი გამიწყდა. გვირტყამდნენ ხერხემალში, თავში, მე და დაჩი ცაგურიას დედას წამებში დაგვისივდა სახე და ხელები. წლები გავიდა.

15 ივნისის აქციის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დაჯგუფების ორგანიზატორი ვინმე ბასიშვილი 2019 წელს პარლამენტში ნიკა მელიას ადგილს იკავებს. მისი სკამი ჩემი რიგის წინაა, იქვეა, ახლოა… ეს არანორმალურობა, ეს დიდი აბსურდი ისე ჩვეულებრივადაა მოწოდებული, ვითომ უცნაური არაფერი ხდება. დემოკრატიული პროცესია, თურმე, რომ ზონდერი, მწამებელი და ჯალათი პარლამენტში აიტანო. რა ვიცი, ხალხო, თუ ეს ვინმეს ნორმალური და ჯანსაღი ამბავი ჰგონია, ღმერთმა გონება გაუხსნას… პასუხისმგებელი ვინაა ამ განუკითხაობაზე? ცხადია, “ქართული ოცნება”, რომელიც თან, ნაცისტების ნაცისტობაზე ლაპარაკობს და თან, ნაცისტების “მთავარ ოპოზიციურ ძალად” წარმოჩენისთვის ძალისხმევას არ იშურებს. თავს ნუ მოიტყუებთ, მათ შორის, “ქართული ოცნების” და დამნაშავეების დასჯის მომხრეები, საღად შეხედეთ პროცესს და მორიგჯერ დაინახავთ, რომ სიმართლეს ვამბობ. “ქართული ოცნების” სტრატეგია კვლავ სტანდარტულ ტყუილზე იქნება აგებული: ჩვენ- კარგები და ისინი- კრიმინალები, მაგრამ მთავარი კრიმინალები და მთავარი ოპოზიცია, რაც ტყუილია და რაც ყველაზე სახიფათო თამაშია.

ძალიან არასწორი, არამართალი, არაწესიერი მოვლენების მოწმე ვართ როგორც პარლამენტში, ისე პარლამენტს მიღმა. ამდენი უსამართლობა და უკვალოდ არ ჩაივლის. აი, ამ ბოლო ფრაზას უკვე რელიგიური კუთხით ვამბობ”, – წერს სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.

 

 

კომენტარები