კახა კალაძე: „მისი განცხადება ჩემთვის არ არის საინტერესო, ოფიციალური ამერიკის განცხადება ნამდვილად მნიშვნელოვანია“

-„მისი განცხადება ჩემთვის არ არის საინტერესო, ოფიციალური ამერიკის განცხადება ნამდვილად მნიშვნელოვანია.

წერილის შინაარსს არ ვიცნობ, თუმცა ნამდვილად ვერ მივიღებ ისეთ კრიტიკას, რომელიც ნამდვილად დაუმსახურებელია. ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით ვითარდება.მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა განხორციელებული მოყოლებული 2012 წლიდან. შედარებებიც საკმარისია, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე გამოხატვის თავისუფლების კუთხით, თუნდაც ტელევიზიების მიმართ. ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის, ამაზე მეტყველებს ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის ოფიციალური განცხადებები. ეს მისი სუბიექტური მოსაზრებაა, მისი განცხადება ჩემთვის არ არის საინტერესო, ოფიციალური ამერიკის განცხადება ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვიხილეთ ოფიციალური განცხადება, სადაც მიუთითებდნენ იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება და დადებითად იყო შეფასებული. თითო-ოროლა კონგრესმენის რაღაც მეგობრობით გაკეთებული განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

 

„როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი შეშფოთების შესახებ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევისა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესების გამო. მე ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის 3 დეკემბერით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, სადაც ხაზგასმულია მათი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით.

მიუხედავად 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის შემდგომი პროგრესისა ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში მკვეთრად უარყოფითი ტენდენცია გამოვლინდა“,- წერს კონგრესმენი.

სწორედ ამის შედეგია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება. მას მაგალითად მოჰყავს ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან, რომელიც შევიწროების ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა.

ცოტა ხნის წინ „ფეისბუქმა“ დახურა „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ანგარიშები, რომელიც საქართველოში ოპოზიციური ხედვების ჩასახშობად „კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას“ მიმართავდა და ანტიდასავლურ გრძნობებს ავითარებდნენ, მათ შორის განსაკუთრებით აშშ-ის წინააღმდეგ.

ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა იმოქმედებს სწრაფად იმ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი ასე იმსახურებს“, – წერს კონგრესმენი, მარკუეინ მალინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

კომენტარები