კახა ოქრიაშვილი – არ ვიცი, როგორც მიცნობენ „ქართულ ოცნებაში“, იმ დონის რეჟისორი არ ვარ, რომ ჩემივე ხალხს მანქანა რამდენჯერმე შევაჯახო

არ ვიცი „ქართულ ოცნებაში“ როგორ მიცნობენ, იმ დონის რეჟისორი ნამდვილად არ ვარ, რომ ჩემივე ხალხს მანქანა რამდენჯერმე შევაჯახო და გზიდან გადავაგდო , – ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებას, რომლის თანახმადაც, ბოლნისი-მარნეულის გზაზე ოქრიაშვილის აქტივისტის მანქანის მისამართით სროლა, შესაძლოა ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყოს.

როგორც კახა ოქრიაშვილი „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, მანქანას ნატყვიარი ეტყობა.

„კიდევ, კარგი, რომ მაგ დროს არ ამოყირავდა მანქანა. ჩვენი მანქანის დევნა შემდეგ ორმა მანქანამ განაგრძო, თან ესროდნენ. ნატყვიარი მანქანას ეტყობა, გამჭოლი ნატყვიარია. ეს არ არის პირველი ფაქტი. პირველი ფაქტი დმანისში მოხდა, რის შემდეგაც დაახლოებით თვენახევარი გავიდა. შემთხვევა კამერებმა დააფიქსირა, დაახლოებით ათმა კაცმა ჩვენი შტაბის წევრი გაიყვანა და კამერების წინ „დაჟეჟეს”. ყველა იდენტიფიცირებულია და ამ შემთხვევასთან მიმართებითაც თქვეს, რომ ეს ჩვენ თვითონ ჩავიდინეთ“,- განაცხადა ოქრიაშვილმა.

მისი თქმით, წინასაარჩევნოდ მშვიდი ვითარება სხვა რეგიონებშიც არ არის.

„ვიცი, რომ ცეზარ ჩოჩლთან, ასევე ზუგდიდში, ბათუმი ტოტალური წნეხია სამიზნე ჯგუფების მიმართ. პირველი წნეხი ხორციელდება სოციალური ჯგუფის ადამიანებზე. მთელი დღე სიებით დადიან და მათ ეუბნებიან, რომ შემწეობას დაკარგავებენ. მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებზეც სერიოზული წნეხია. აშინებენ მერიებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს, რომ სამსახურიდან გააგდებენ. მათ აიძულებენ, რომ საკუთარი არჩევანი გააკეთონ არა ფარულად, არამედ ღიად, რაც დასჯადია. ამიტომ, ყველას მივმართავ, ვინც ჩვენს მოსახლეობას აშინებს და დანაშაულს ჩადიან, დაშინება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

ცნობისთვის, კახა ოქრიაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია დმანისში, წალკა, ბოლნისსა და თეთრიწყაროში.

კომენტარები