კლიმატის ცვლილებამ ანტარქტიდის ნაწილი გაამწვანა, მაგრამ ეს ბალახი არ არის

ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ნაწილი ფერს შეიცვლის, მწვანე გახდება.გლობალური ტემპერატურის მატებასთან ერთად, გაიზრდება აყვავებულ წყალმცენარეთა გავრცელების არეალი. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

შეიძლება ფიქრობთ, რომ ანტარქტიდაზე მცენარეული სიცოცხლე არ არსებობს, მაგრამ ამ კონტინენტზე გავრცელებულია რამდენიმე ტიპის წყალმცენარე, რომლებიც დასველებულ თოვლში იზრდება და ჰაერიდან ნახშირორჟანგს შთანთქავს.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა და ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის პროგრამის მეცნიერებმა თანამგზავრული ფოტოები და მიწისპირა დაკვირვებათა მონაცემები გააერთიანეს, რათა შეეფასებინათ მწვანე წყალმცენარეების გავრცელება მსოფლიოს ყველაზე უსიცოცხლო კონტინენტზე.

ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე, თოვლში მათ მწვანე წყალმცენარეების 1600 ცალკეული ყვავილობა გამოავლინეს. საერთო ჯამში, მათი ფართობი 1,9 კვადრატული კილომეტრი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვები გლობალურ მასშტაბთან შედარებით მცირეა, ანტარქტიდაზე, სადაც მცენარეული სიცოცხლე ასე მცირე ოდენობით არის, ბიომასის რაოდენობა ძლიერ მნიშვნელოვანია. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ანტარქტიდაზე მხოლოდ თოვლი და პინგვინებია. თუმცა, იქ ძალიან ბევრი მცენარეული სიცოცხლეა“, — ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის მცენარეთა მეცნიერებების დეპარტამენტის მკვლევარი მეთ დეივი.

ჯგუფის გამოთვლების მიხედვით, ნახევარკუნძულზე წყალმცენარეები ამჟამად შთანთქავენ საშუალოდ მანქანით 875 000 მოგზაურობის ეკვივალენტ ნახშირორჟანგს.

მათ ასევე დაადგინეს, რომ წყალმცენარეთა ყვავილობის უმეტესობა პინგვინების კოლონიებიდან ხუთი კილომეტრის რადიუსში იყო, რადგან ფრინველის ექსკრემენტი მათთვის ბრწყინვალე სასუქია.

პოლარული რეგიონები პლანეტის დანარჩენ ნაწილებზე სწრაფად თბება და როგორც ჯგუფი პროგნოზირებს, ანტარქტიდის დაბლობ სანაპირო ზონებში მალე წყალმცენარეები საერთოდ აღარ იქნება, რადგან ზაფხულობით იქ თოვლი აღარ რჩება.

თუმცა, ამ დანაკარგს სავარაუდოდ დააკომპენსირებს წყალმცენარეთა ყვავილობა მაღალ ზონებში, რადგან ტემპერატურის მატებასთან ერთად, იქ თოვლი წყლიანდება.

„ანტარქტიკის დაბლობი კუნძულები გათბობას განაგრძობს და გარკვეულ მომენტში, ზაფხულობით იქ თოვლის საფარი აღარ დარჩება. ამის საპირისპიროდ, ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში შეიმჩნევა წყალმცენარეთა მართლაც დიდი აყვავება და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამას უფრო ფართო ხასიათი მიეცემა“, — ამბობს კვლევის ავტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარი ენდრიუ გრეი.

გრეიმ AFP-ს განუცხადა, რომ მაღლობებზე თოვლის მწვანე აყვავება ზღვის დონის მატების გამო წყალმცენარეების დანაკარგის კომპენსირებაზე მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ მეტი წყალმცენარე უფრო მეტი ნახშირორჟანგის შთანთქმას ნიშნავს, მცენარეებს ექნებათ პატარა, მაგრამ საზიანო გავლენა ალბედოზე, ანუ დედამიწის ზედაპირიდან მზის სითბოს არეკვლის რაოდენობაზე.

თეთრი თოვლი მზის რადიაციის 80 პროცენტს ირეკლავს, მწვანე თოვლის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 45 პროცენტია.

თუმცა, ჯგუფი აღნიშნავს, რომ შემცირებულ ალბედოს ანტარქტიკის კლიმატზე რაიმე დიდი გავლენა არ უნდა ჰქონდეს.

„ნახშირბადის შთანთქმა იქ მომავალში გაიზრდება, რადგან წყალმცენარეთა აყვავებისთვის საჭიროა უფრო სველი თოვლი. ჩვენი ვარაუდით, იქ წყალმცენარეებისთვის უფრო ხელსაყრელი ჰაბიტატი შეიქმნება და საერთო ჯამში, გაიზრდება ნახშირბადის შთანთქმაც“, — აღნიშნავენ მკვლევრები.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

წყარო: https://1tv.ge/
კომენტარები