კობა კობალაძე: „როდის გაეცემა პასუხი ერთ კაცსაც და იმ შემადგენლობასაც, რომელებიც ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობენ“

-„ერთხელ და სამუდამოდ, როდის გაეცემა პასუხი ერთ კაცსაც და იმ შემადგენლობასაც, რომელებიც ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობენ?!

 როდის გაეცემა შესაბამისი პასუხი ადამიანების იმ ჯგუფს, რომლებიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობენ და როდის აგებენ პასუხს ის ადამიანები, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში ხვრეტდნენ?

საზოგადოების ერთადერთი მოთხოვნაა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანობა აღდგეს და იმ პირებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ, არ ჰქონდეთ განცდა, რომ მათთვის სამართალი არ არსებობს ან იგვიანებს”, – ამ შეკითხვით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ. 

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა დარბაზში შევიდნენ. ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს. კომიტეტის სხდომაზე თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატები გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა გააპროტესტეს. 

„ბიძინა ივანიშვილმა შოთაძე დააყენა, რომ პოლიტპატიმრებით მართოს ქვეყანა, მაგრამ რამდენი პოლიტპატიმარიც არ უნდა ყავდეს ბიძინა ივანიშვილს, ბატონო შოთაძე, ჩვენ ვერ გაგვაჩერებს“ ,- მიმართა ბოკუჩავამ ირაკლი შოთაძეს.

სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მათ რამდენჯერმე მოუწოდა სიმშვიდისკენ.

„დაწყნარდით, თქვენი პერფორმანსები თქვენთვის შეინახეთ. შეგიძლიათ დარჩეთ, კორექტულად მოიქცეთ, როგორც პარლამენტის წევრებს შეეფერება და დასვათ კითხვები. ჩვენ ვერ ავყვებით ასეთი უაპსუხისმგებლო პარლამენტის წევრების საქციელებს, გადავიდეთ საქმიან ფორმატზე“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედებები დარბაზში მყოფმა ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ გააპროტესტა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაგრძელდა მას შემდეგ, რაც ის თინა ბოკუჩავამ და ელენე ხოშტარიამ დატოვეს.

კომენტარები