კონსტანტინე გამსახურდია – თემურ ცაგურიაზე: მიყვარს პოლიტიკურადასეთი არაანგაჟირებული ადამიანები!

– “მომღერალი თემურ ცაგურია, რომელიც დიდი ხანია, აშშ-ში ცხოვრობს, უკეთილშობილესი ადამიანი, ხელოვანი, ქართველი და კოლხია. მიყვარს პოლიტიკურად ისეთი არაანგაჟირებული ადამიანები, რომელთა გულშიც არ არის ზაკვა, ჟანგი, ბოღმა, მძულვარება. ზუსტად ასეთი ადამიანია თემური. ეს აქედანაც ჩანს, რასაც ინტერვიუში ზვიად გამსახურდიაზე ამბობს. ზვიადის ზღაპარი მახსენდება მგელთავაზე, სადაც ვკითხულობთ, რომ ვინც სიარას ზეციურ ქარს გადაყლაპავს, მისი გული ქნარად იქცევა, მასში სიავის ნატამალი აღარ რჩება და სულ ჰანგებით ჟღერსო. თემურ ცაგურია იხსენებს გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც ზვიად გამსახურდია გადასახლებაში იმყოფებოდა დაღესტანში, სოფელ კოჩუბეიში:

“იმ პერიოდში გასტროლები მქონდა დაღესტანში, ყიზლარში მეცხვარეებთან… ფილარმონიიდან გვაგზავნიდნენ და მეცხვარეებთან ვმართავდით კონცერტებს, რომელიც ხშირად ღია ცის ქვეშ იმართებოდა. იმ პერიოდში ყიზლარში, გადასახლებაში იყო ზვიად გამსახურდია. მას ერთი კონცერტიც კი არ გამოუტოვებია. წავიდოდით მწყემსებთან, ვიქეიფებდით, მათ მივეფერებოდით, ისინი გვეფერებოდნენ და ვბრუნდებოდით უკან. დაახლოებით 30 კონცერტზე წამომყვა და ამ ხნის განმავლობაში, ძალიან დავახლოვდით… ზვიადი სუფრაზე ძალიან მხიარული და ლაღი იყო, იუმორითა და სიყვარულით სავსე. იქ ხალხს სიგიჟემდე უყვარდა იგი. ზვიადი მათთვის იყო როგორც ლამპარი, ხატი… თუმცა, პოლიტიკაზე საუბარს როგორც კი დაიწყებდა, მაშინვე სხვანაირი ხდებოდა. ეტყობოდა დიდი გულისტკივილი და ამიტომაც, მასთან პოლიტიკაზე საუბარს ყოველთვის ვერიდებოდი.

ჟურნალისტი: ზვიად გამსახურდიას თამადობა გახსოვთ?

თემურ ცაგურია: ყოველთვის თავს არიდებდა თამადობას და ამიტომაც სულ ადგილობრივი მწყემსები იყვნენ სუფრის წინამძღოლები.”

ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ბატონ თემურს!” – წერს ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია

კომენტარები