კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი განისაზღვრა

საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა.

კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესი განისაზღვრა.

სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარებიან იმ პირებთან კონტაქტში მყოფი ადამიანები, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდათ; ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მოხვედრილი პაციენტები, ასევე ამბულატორიულ დაწესებულებებში ცხელებით ან რესპირატორული დაავადების ნიშნებით მოხვედრილი ადამიანები; სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი (მათ შორის, სოფლის ექიმი და ექთანი) სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის ბრიგადების თანამშრომლები; ხანდაზმულთა და შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებში მოთავსებული ბენეფიციარები და მომსახურე პერსონალი ასევე ჩასარიცხი ბენეფიციარები, დაწესებულებაში მოთავსებამდე; ტუბერკულოზზე ახლად დიაგნოსტირებული ყველა პირი, შესაბამის მკურნალობაში ჩართვამდე და ისინი ვინც მკურნალობენ ტუბერკულოზზე დიაგნოსტირებულ პაციენტებს; ფსიქიატრიულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი; დიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომსახურე პერსონალი.

სავალდებულო ტესტირების პრიორიტეტულ პირთა ნუსხაში არიან საკარანტინო სივრცეებში, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი პირები, საკარანტინო სივრცეებში მომუშავე პერსონალი; საბაჟო-გამშვებ და სასაზღვრო პუნქტებში, აგრეთვე გაფორმების ეკონომიკურ ზონებში დასაქმებული პირები, მათ შორის, სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური სამსახურების წარმომადგენლები; სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების მიმღების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებებში დასაქმებული პერსონალი და ეპიდემიოლოგები; დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ის ეპიდემიოლოგები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ კონტაქტების კვლევას და/ან ტესტირებას; ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში ჩართული პერსონალი; საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (გარდა ტრანზიტისა); სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევი და აქტიურ რეზერვში მისაღები პირები, ასევე სამშვიდობო მისიაში ან გადასროლისწინა სწავლებაში მონაწილე პერსონალი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლებაში წარსაგზავნი პირები (იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირების ჩატარება სავალდებულოა);

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ის მოსამსახურეები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დანაყოფები;

სურსათის ეროვნული სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებსაც შეხება აქვთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და ექსპედიტორებთან;

საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებულები (საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები).

მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება უნდა ჩატარდეს პისიარ მეთოდით.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალი ექვემდებარება ცვლილებას ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად.

მთავრობის განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე.

კომენტარები