ლევან იოსელიანი: „ძალიან პრინციპულად დაისვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, – შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ – შეხვედრები გაგრძელდება“

პარლამენტში, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ.

-„დღეს ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, – შეხვედრები გაგრძელდება.  შეხვედრაზე ძალიან პრინციპულად დაისვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, თუმცა ხელისუფლება პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს.

ჩვენ, ოპოზიციასთან ამ ტიპის ურთიერთობა – კინკლაობა დავასრულეთ. ჩვენ ვერ შევძელით დაგვერწმუნებინა ჩვენი აზრის სისწორეში, – მოლაპარაკებას ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ ამ მოლაპარაკებას მათგან დამოუკიდებლად ვაგრძელებთ. მოლაპარაკებები დღეს დავიწყეთ. დღეს არაფერი გადაწყვეტილა.  ჩვენ შეთანხმებაზე ხელს თუ არ მოვაწერთ, პარლამენტში ჩვენი შესვლა გამორიცხულია. შეთანხმება მარტო საარჩევნო სისტემაზე ვერ იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, -მაქსიმალური წამოვიღოთ“, – განაცხადა  პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა, ლევან იოსელიანმა.

-„გუშინ დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე. თქვენ იცით, გუშინ ვთქვით, – ჩვენ გვაქვს მზაობა, ინდივიდუალურ რეჟიმში შევხვედროდით “ქართულ ოცნებას”, შესაბამისად, მათაც დაადატურეს ეს მზაობა, საღამოს თალაკვაძე დამიკავშირდა და მითხრა, რომ დღეს 11:00 საათზე, მე და ლევან იოსელიანი მოვსულიყავით – მოვედით. რამდენადაც ვიცით, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან გვექნება შეხვედრა. ვისაუბრებთ, 4 მოთხოვნაზე, რაც მოლაპარაკების ოთხი რაუნდის განმავლობაში იყო, რამდენად აქვს “ქართულ ოცნებას” სერიოზული მზაობა. ეს გვაინტერესებს. ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილება. დღეს იქნება მოსამზადებელი შეხვედრა, ასე ვფიქრობთ. ჯერ უნდა გავიგოთ, მზაობა არის თუ არა. ამასთან, რიგგარეშე არჩევნების საკითხის დაზუსტებას ვაპირებთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ფორმულა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგვარ პლებისციტად იქცეს თვითმმართველობის არჩევნები და ამის გარკვევას ვაპირებთ“, – განაცხადა ელისაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.

არტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა:

-„ახლაც ვადასტურებთ,  პოლიტპატიმრების საკითხი არის პრიორიტეტული და ამ საკითხზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი.  პარტია მოლაპარაკებების ინდივიდუალურად გაგრძელებას აპირებს.

დღეს გვინდა მოვისმინოთ მათი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, რომლებზეც თავის დროზე გამოთქვეს მზაობა. ჩვენ ვხედავთ,  მოლაპარაკებები არის გაჭედილი, პროცესი არ მიდის წინ, ოპოზიციას აქვს სხვა ტაქტიკა, სხვა მოსაზრება და ჩვენ გვაქვს სხვა მოსაზრება, ჩვენი გზები გაიყო. პარლამენტში შემოსვლაზე არ არის ლაპარაკი, დღეს არის პირველი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, რაზე მოვილაპარაკებთ, ან ვერ მოვილაპარაკებთ. პოლიტპატიმრების საკითხი იქნება დაყენებული, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და ახლაც ვადასტურებთ, – პოლიტპატიმრების საკითხი არის პრიორიტეტული და ამ საკითხზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი.  ოპოზიციურ ერთობას რომ გავეთიშეთ ამას რაც შეეხება, გუშინ თქვენ თვითონ ნახეთ კოლექტიური სასამართლო, სადაც თქვეს, – ჩვენ არ ვართ ოპოზიცია, რაც არის სრული სისულელე, რადგან ოპოზიცია ვინ არის და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი. ეს ერთადერთ რამეს ადასტურებს, ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ ამ ქვეყნის პერსპექტივას, პოლიტიკური პროცესის განტვირთვას, ისინი სხვანაირად უყურებენ, მათ თავიანთი გზა აქვთ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს”, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები