მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას აცხადებს

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო  ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას აცხადებს. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 3 სტაჟიორი, რომლებიც სამდივნოსთან ერთად   იმუშავებენ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების კვლევასა და ანალიზზე, ასევე საერთაშორისო ანგარიშების ანალიზზე.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტაჟიორები უწყებათაშორის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა სამდივნოს კომპეტენციაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით მოკვლევებს ჩაატარებენ და მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებების დაცვის უწყებათაშორისი საბჭოს მუდმივმოქმედი თემატური სამუშაო ჯგუფების მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობის პროცესში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება იურიდიული, პოლიტიკური მეცნიერებების ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. საკონკურსო თემატიკა მოიცავს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ.

ასევე, თემატიკა არის ბავშვის უფლებათა კოდექსი, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა.

კანდიდატები გაივლიან ტესტირებასა და გასაუბრებას.  სტაჟირების ვადა კი 6 თვით განისაზღვრება.

დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს ვაკანსიების ვებგვერდზე.

კომენტარები