„მოქალაქეები“ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ… – „პარლამენტში არ შედიხარ და დაფინანსებას იღებ…“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პარტიების დაფინანსების წესების შესახებ იმსჯელებენ.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ პრივილეგიებს კარგავს. ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.

საკანონმდებლო პაკეტი „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვნისთვის ვენეციის კომისიას გაეგზავნა. საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა:

-„კანონპროექტს მხარს დავუჭერთ.  ხალხი როცა გირჩევს, მანდატს გაძლევს, პარლამენტში არ შედიხარ და დაფინანსებას იღებ, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. მართალია, ეს წესი 2022 წლიდან გავრცელდება, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ ჩაითვალოს, მაგრამ მე ახლა გავრცელების მომხრეც ვარ. ანუ, რას ნიშნავს – აგირჩიეს, პარლამენტში არ დადიხარ და გეზარება, მაგრამ ფულს იღებ. მაშინ, იმ ფულსა და ხელფასზეც თქვი უარი. ეს იქნება სწორი. ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა.

თან არხეინი ცხოვრება გინდა, ფული გინდა გქონდეს, ხელფასს იღებდე და არაფერს აკეთებდე, – გადასარევი სამსახური მოძებნა ზოგიერთმა პარტიამ საკუთარი თავისთვის. კეთილი ინებე და იმუშავე, აკეთე ის, რისთვისაც ხალხმა მანდატი მოგცა“

კომენტარები