ნინო ბურჯანაძე: „რუსეთის პირდაპირი ჩარევა საქართველოს საქმეებში გამორიცხული უნდა იყოს ნებისმიერი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, საქართველო იმოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების“

-„გასაგებია, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, ნებისმიერ ობიექტზე რუს სპეციალისტებს დამოუკიდებლად ვერ დაუშვებს უცხოელი დამკვირვებლების გარეშე.

ზოგადად, საერთაშორისო სამართალში ძალიან ბევრი რამ კონტროლქვეშ არის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში. ბუნებრივია, ეს მიმართულებები განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნებს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობები. როდესაც ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ბუნებრივია, აქ ნორმალურ თანამშრომლობაზე, ნორმალურ ინსპექტირებაზე, თუნდაც ინფორმაციის გაცვლაზე, ლაპარაკი ძალიან რთულია.

დარწმუნებული ვარ, საქართველო იმოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ნებისმიერი საკითხი, რომელიც ამ ტიპის ინსპექტირებას ეხება, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო მეთვალყურეობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და არა პირდაპირ ჩარევის განხორციელებით უნდა იყოს შესრულებული. გასაგებია, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, ნებისმიერ ობიექტზე რუს სპეციალისტებს დამოუკიდებლად ვერ დაუშვებს უცხოელი დამკვირვებლების გარეშე. თუ ეს საერთაშორისო ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული, მაშინ, რუსეთმა და საქართველომაც საერთაშორისო ხელშეკრულებისა და ნორმების დაცვით და საერთაშორისო მეთვალყურეების თანდასწრებით უნდა იმოქმედონ. რუსეთის პირდაპირი ჩარევა საქართველოს საქმეებში გამორიცხული უნდა იყოს ნებისმიერი მიმართულებით“, – განაცხადა „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.

ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცხადება გავრცელდა:

„საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადებები, რუსეთიდან წამოსული დეზინფორმაციის შესახებ, პროვოკაციულია და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება იმ სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობიდან, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ხორციელდება.

მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებებისა, თავად რომ აკონტროლებენ და აფინანსებენ ლაბორატორიის საქმიანობას, მასში მიმდინარე კვლევები აშშ-სთან და მის პარტნიორებთან არის აფილირებული, რაც კითხვებს ბადებს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოს მხრიდან ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების მიღებისთვის მზადყოფნას, თუმცა განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთ ვიზიტს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა, მათ შორის ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებულ შენობაში შესვლას შეძლებენ და ამასთანავე, ექნებათ წვდომა ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე.

 

კომენტარები