ნუნუ მიცკევიჩი -„საორგანიზაციო ჯგუფთან ამგვარი შეხვედრები გამოცდების მსვლელობის დროს მუდმივად გაიმართება“

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ეროვნული გამოცდების საოროგანიზაციო ჯგუფთან ონლაინშეხვედრა გამართა და პირველი დღე შეაჯამა. მან მადლობა გადაუხადა თითოეულ უწყებას და საგამოცდო პროცესის ორგანიზებაში ჩართულ თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსათვის და იმედი გამოთქვა, ყველა მონაწილე მხარის მაქსიმალური მობილიზაციით გამოცდები წარმატებით წარიმართება.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საორგანიზაციო ჯგუფთან ამგვარი შეხვედრები გამოცდების მსვლელობის დროს მუდმივად გაიმართება, რათა ყველა გამოწვევა დროულად იქნეს დაძლეული. გარდა ამისა, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული თითოეული გამოსაცდელის ინტერესი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 დღეს, 6 ივლისს, 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. გამოცდაზე გამოცხადდა აბიტურიენტთა 93%-ზე მეტი.

ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულეს და აბიტურიენტებს წარმატება უსურვეს.

2020 წლის საგამოცდო პროცესის მაქსიმალურად სრულყოფილად წარმართვის მიზნით აქტიური მუშაობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან და სხვა უწყებებთან ერთად კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების პირველივე დღიდან დაიწყო. საორგანიზაციო ჯგუფში ჩართული არიან: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი); სს„თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“. უწყებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივ რეჟიმში მუშაობენ საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე.

კომენტარები