ოთარ რამიშვილი სიმღერით ამბობდა საზოგადოების სათქმელს, რასაც ცენზურის შიშით, გულადი ადამიანებიც ვერ ბედავდნენ!

მას „კვაჭიჭოს“ ეძახდნენ. კვაჭიჭოს კეთილი გული ჰქონდა და ყველას უყვარდა. ეს სიყვარული მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. უფალმა ბავშვობიდანვე გამოარჩია, უბადლო ნიჭი უბოძა და დიდი მისიაც დააკისრა – ქართველთა გულები თავისი ხელოვნებით, თავისი სიმღერით უნდა გაეთბო. კვაჭიჭომ  მისია პირნათლად შეასრულა და ზეციურ საქართველოში ვალმოხდილი გაემგზავრა. რომ ეცოცხლა, 24 ოქტომბერს 85 წლის გახდებოდა, თუმცა არცერთ ნაღდ თბილისელს მისი გარდაცვალების არ სჯერა – ვიდრე მის სიმღერებს მოქალაქენი ღიღინებენ, ოთარ რამიშვილი ცოცხალია!

@@@

გასული საუკუნის 50-იანი წლების მიწურული იდგა – ქართული ესტრადა ის იყო – იბადებოდა! ყველაფერი უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტიდან დაიწყო. ამ უმაღლეს სასწავლებელში რამდენიმე თვალსაჩინო ჯგუფმა აიდგა ფეხი და შემდგომში, საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს… ოთარ რამიშვილი უცხო ენების სტუდენტი არ იყო, თუმცა იქ მისი და, გამორჩეული სილამაზის ნელი რამიშვილი სწავლობდა. სამმა გოგონამ ინსტიტუტის თვითმოქმედების ფარგლებში ტრიო ჩამოაყალიბა, ხოლო  აკომპანიმენტს დას და მის მეგობრებს  ჭაბუკი კვაჭიჭო უწევდათ. ამბობენ, რომ სწორედ იმ პერიოდში დაწერა ოთარ რამიშვილმა  ცნობილი ჰიტები  – „ბულბულის სტვენა, შაშვის გალობა;“ „მითხარ რად ხარ მოწყენილი“ და სხვები, რომელსაც ოთარის დაიკო და მისი მეგობრები ასრულებდნენ, მაგრამ ერთხელ, როცა სტუდენტური თვითმოქმედების კონცერტზე, დააპირეს გამოსვლა, ოთარი ადმინისტრაციამ სცენაზე არ აუშვა… მიზეზი მის ხელზე არსებული ტატუ იყო, რაც იმ პერიოდში  კრიმინალურ ცნობიერებასთან იყო გაიგივებული. გოგონების ტრიო მაყურებლის წინაშე მაინც წარსდგა, თუმცა  აკომპანიმენტი სხვა სტუდენტმა, მომავალში ძალიან ცნობილმა მომღერალმა გაუწია.

@@@

ხანი გამოხდა. კვაჭიჭომ ოფიციალურ სცენაზე არაოფიციალური ცენზურის გამო ადგილი ვერ დაიმკვიდრა, თუმცა მისმა ნიჭმა თბილისში მაინც დაიქუხა იმგვარად, რომ ცნობილი მუსიკალური ჯგუფების ავტორიტეტიც დაჩრდილა! ოთარი ქუჩის მუსიკოსად, მოხეტიალე ტრუბადურად და აშუღად იქცა. ხმა ხრინწიანი ჰქონდა, მაგრამ ამის გამო თაყვანისმცემლები არ დაკლებია, პირიქით, ამ ხმით იზიდავდა მსმენელებს. უიშვიათესი ტალანტი აღმოაჩნდა: თავად წერდა ლექსს, მუსიკას თავადვე უსადაგებდა, მერე საკუთარ სიმღერას თავად მღეროდა და გიტარით აკომპანიმენტსაც თავად უწევდა. ოღონდ, საოცრება ის იყო, რომ მისი გიტარა მხოლოდ ამ ინსტრუმენტისთვის დამახასიათებელ ხმებს კი არა, დოლის ხმასაც გამოსცემდა.  გიტარაზე დაკვრის ვირტუოზულ და რაც მთავარია, ორიგინალურ ტექნიკას ფლობდა. მის მიერ სიმღერის შესრულება სანახაობრივი  მწვერვალი იყო – აკორდსაც აჟღერებდა და იმავდროულად, საოცარ მოძრაობებს ასრულებდა. მაყურებელი ვერც კი ხვდებოდა, ერთი ადამიანი ამ ყველაფერს როგორ ახერხებდა. ყველგან, სადაც ოთარი ჩნდებოდა, სალონურ შეხვედრებზე და თუნდაც ღია ცის ქვეშ, ქუჩაში – აღფრთოვანებული ხალხი იკრიბებოდა. იყო უსაზღვროდ დადებითი ემოციები, ხანგრძლივი ტაში და ოვაციები! ოთარ რამიშვილის სიმღერებში ჩაქსოვილი პოზიციები თანდათან, ანგარიშგასაწევი ხდებოდა.

@@@

გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, არც მაღალჩინოსანი მფარველები ჰყოლია. მაგრამ მისი ავტორიტეტი მაინც ქუხდა. მავანი ოთარ რამიშვილს ცნობილ რუს ბარდს, ვლადიმერ ვისოცკისაც ადრიდა. არა, პოლიტიკას  არასოდეს გაკარებია, მაგრამ, თავისი შემოქმედებით, ოთარ რამიშვილი ერთგვარ დისიდენტად იქცა – საკუთარი ლექსებით და სიმღერებით ამხელდა უსამართლობას, ანტიეროვნულ, ანტიზნეობრივ ტენდენციებს. “ახლა კაცობას ჩემულობს ყველა,
კაცობას აქვს ორი სახელი, ერთს შეუძლია ელვა და ჭექა, მეორეს უმძიმს თავის გამხელის” – ვაი მას, ვისაც მსგავს სტრიქონებში მოიაზრებდა!  რად ღირს, თუნდაც კორუფციაში ყელამდე ჩაფლულ „გაიშნიკებზე“ სიმღერის ტექსტი, რომელიც გია ყანჩელის მელოდიას მიუსადაგა.  ეს იყო ყველაზე მძლავრი მხილება,  იმავდროულად, ზოლიანი ჯოხით აღჭურვილი მილიციელების დამუნათებაც, რომლებიც მძღოლებისგან ქრთამის აღებით იყვნენ დაკავებულნი. თვით ცეკას პირველ მდივანს, შევარდნაძეს მიუძღვნა ირიბი კალამბური, ამიტომ, საბჭოთა ჩინოსნებს მისი ეშინოდათ პრინციპით „სათემოდ ლექსს გამოგვითქვამსო…“  ხელს კი, ვერავინ უშლიდა, რადგან ხელოვანთა შორის სალოსად ითვლებოდა. ან კი, როგორ უნდა შეეშალათ? ვერც პარტიიდან გარიცხავდნენ და ვერც საყვედურს ჩაუწერდნენ პირად საქმეში. მანქანა არ ჰყავდა, თუმცა ფეხით იშვიათად დადიოდა – აბა, ქუჩაში ფეხით მიმავალ ოთარ რამიშვილს ვინ მიატოვებდა, უცნობი მძღოლებიც კი, მანქანას უჩერებდნენ და მომსახურებას სთავაზობდნენ…

@@@

არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნა – მეუღლეზე, გულნაზ კაცაძეზე 15 წლით უფროსი ბრძანდებოდა, მაგრამ სწორედ ის გახლდათ ოთარ რამიშვილის უპირველესი მეგობარი და უმთავრესი ნავსასყუდელი.

44 წელი იცხოვრეს ერთად, ორი შესანიშნავი ვაჟკაცი – მიშიკო და ლევანი აჩუქეს სამშობლოს, თუმცა ოთარს პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი, ზურიკო ჰყავდა, რომელსაც მისი მეუღლე საკუთარ შვილებში არ არჩევდა.

 

სწორედ, ქალბატონი გულნაზი იყო ოთარის ლირიული ლექსების და სიმღერების მთავარი მუზა.  იმ უამრავი სიმღერიდან, რომელსაც ქართველები მღერიან, დიდი ნაწილი სწორედ, მეუღლის მიმართ დიდ სიყვარულს ეძღვნებოდა.  ოთარ რამიშვილი ლირიული სიმღერების მეფეა. სიმღერის ტექსტები ულამაზესი რითმებით, მეტაფორებითა და ეპითეტებით არის გაწყობილი, მუსიკა კი, გულშიჩამწვდომი აკორდებით. ლექსების კრებულებიც აქვს გამოცემული -”გული უმღერის გულს”  და ”ფიქრების ზღვა… ”

ერთ-ერთ ინტერვიუში ქალბატონი გულნაზი ამბობს: „ოთარს ისეთი ლექსები ჰქონდა, როცა ვკითხულობ, განცდა მიჩნდება, რომ მას ბევრი რამ წინასწარ ჰქონდა დანახული და გააზრებული…“

@@@

დალევა უყვარდა, მაგრამ ლოთი არ ყოფილა.  „ღვინოს ვეტრფი, ღვინო მიყვარს, გრძნობებს მმატებს, მაბრუებს…“   სიმბოლურია, რომ ვირტუოზი ქართველი გიტარისტი ღვინობისთვეში, 24 ოქტომბერს დაიბადა და ღვინობისთვეშივე – 6 ოქტომბერს გარდაიცვალა. გასაკვირი არ იყო ღვინოსთან მისი მეგობრობა – ცნობილ ბარდს, რომელსაც ოფიციოზი არაოფიციალურად, პროფესიონალურ სცენამდე არ უშვებდა, თვით საზოგადოებამ აუგო სიმბოლური სცენა.  რადგან სიტყვამოსწრებული იყო და იუმორიც უჭრიდა, ლამის ყოველდღე, სხვადასხვა ოჯახში გამართულ წვეულებებზე უწევდა ყოფნა.   მისი დაპატიჟება იოლი არ იყო და ვისაც სტუმრობით პატივს დასდებდა, იმაზე  ხალხი დიდხანს მოკრძალებით ლაპარაკობდა – ეს ის კაცია, ვინც 1 თვის წინ ოთარ რამიშვილი ისტუმრაო. სასმელთან მისი დამოკიდებულების შესახებ ზოგი ქილიკობდა, მაგრამ ოთარ რამიშვილისთვის ეს პოზა მომგებიანიც კი იყო. სალოსივით იქცეოდა. სიმთვრალეში სიმღერით ამბობდა საზოგადოების სათქმელს, რასაც ცენზურის შიშით, გულადი ადამიანებიც ვერ ბედავდნენ! ამის მიუხედავად, უბოროტო იყო და მტერი არ ჰყავდა. საქართველოში ერთი ადამიანიც არ მოიძებნება, ვინც ოთარ რამიშვილს აუგად იხსენიებდეს. მომღერალმა და კომპოზიტორმა, რომელმაც აღიარება სცენაზე ასვლის გარეშე მოიპოვა, ბოლოსდაბოლოს, გასული საუკინის 90-იანებში მაინც აღიარეს და სცენაზეც აუშვეს. ენით აუწერელი წარმატება ხვდა სცენაზე მის „ლეგალიზაციას“ – კონცერტები ანშლაგით ტარდებოდა, მაყურებელი არ ილეოდა და ოვაციები არ ცხრებოდა!

@@@

ჩემი თაობის კუმირი გახლდათ. მაგნიტოფონზე დღედაღამ, ოთარ რამიშვილის სიმღერებს აგუგუნებდნენ ყმაწვილები და საბჭოთა რუტინის მიმართ თავიანთ პროტესტს ამგვარად გამოხატავდნენ. განსაკუთრებულად ნიჭიერები კი, გიტარის დაკვრისას, დიდი მონდომებით ბაძავდნენ მაესტროს. შეყვარებული ახალგაზრდები მის სიმღერებეს ღიღინებდნენ… სკოლას ვამთავრებდი, პირველად ოთარ რამიშვილთან კონტაქტი რომ მომიწია: ბიძაჩემთან, „ორერას“ სოლისტ თემურ დავითაიასთან ერთად მანქანით ვაკეში მივდიოდით, როცა შუქნიშანთან ნაცნობი ხრინწიანი ხმა შემოგვესმა – თემურ, როგორ ხარ?  – თვით ოთარ რამიშვილი გვიღიმოდა ტროტუარიდან. გადეხვივნენ ერთმანეთს.  – ეს ჩემი ძმისშვილია, შენი ფანია – წარუდგინა ჩემი თავი.  – ჰოდა, ავიდეთ ჩემთან, სახლში. ჩემს ახალ სიმღერებს მოგასმენინებთ! – გული ამიჩქარდა და ბიძაჩემს მუდარით შევხედე. 15 წუთში ლეგენდარული მაესტროს წინ დივანზე ვისხედით და „მხატვრის სიმღერას“ ვისმენდით: „შენ სხვას ხატავ ანგელოზო, თვითონ დასახატი ხარ…“ მას მერე წლები გავიდა. რამდენჯერმე, ინტერვიუზე მომიწია მისვლა. სახელდახელო სადღეგრძელოებიც არაერთხელ ვუთხარით ერთმნანეთს. იმ ბინაში ჩემთვის ყველაფერი ნაცნობი იყო, არაყის ბოთლის სამალავის ჩათვლით…  პოლიტიკაზე საუბარი არ ისურვა, მაგრამ როცა მოკრძალებით შევაპარე – ზვიად გამსახურდიაზე რას მეტყვით მეთქი – სქელშუშიანი სათვალის მიღმა სათნო თვალები აუწყლიანდა, წამით დააყოვნა და მერე ასე მიპასუხა – „დიდი კაცი იყო ზვიადი, დიდი, ვენაცვალე მაგის სულს!“

@@@

„ყოველ ღამით ამოვივლი მე შენს ქუჩას, ყოველ ღამით, ყოველ ღამით გინატრებ. ეს ცხოვრება რა მოკლეა – ბოლო უჩანს…  შინ ვბრუნდები შენზე ფიქრში, დილამდე! შენ რა იცი? შენ რა იცი, ჩემო კარგო, ჩემი გული, ჩემი გულის დარდები? შენს სახლის წინ მსურს, ადგილი შემოვფარგლო და დილამდე აივანთან დავდგები! ეს ცხოვრება რა მწარეა, რა ძუნწია – ჩაგაშხამებს, თუ გაქვს რამის სურვილი. მომენატრე – დაგირეკე, ეს წუთია, შენ კი, ცივად დამიკიდე ყურმილი… ყოველ ღამით ამოვივლი მე შენს ქუჩას, ყოველ ღამით, ყოველ ღამით გინატრებ! ვით ცხოვრება – რა მოკლეა – ბოლო უჩანს, მაგ შენს ქუჩას, შინ ვბრუნდები შენზე ფიქრში, დილამდე…“

ოთარ რამიშვილი შინ – ზეციურ საქართველოში – 2011 წლის 6 ოქტომბერს დაბრუნდა. სასუფევლისკენ მადლიერმა ერმა და მისივე შემოქმედებით გამთბარი გულებიდან ამოხეთქილმა გულწრფელმა ლოცვამ გააცილა, თუმცა, ხალხს კვაჭიჭოს გარდაცვალების არ სჯერა – ვიდრე მის სიმღერებს მოქალაქენი ღიღინებენ, ოთარ რამიშვილი ცოცხალია!

 

ზაზა დავითაია

წყარო:  „ასავალ-დასავალი“

 

 

 

კომენტარები