ოპოზიციამ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადო- „აქცია დროებით გავაჩერეთ, არ გაგვიუქმებია, თუ „ქართული ოცნებიდან“ არ იქნება შესაბამისი რეაგირება“- ზაალ უდუმაშვილი

 ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, – მზად არიან, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, კვლავ მისცენ ვადა, ხელისუფლებას -გადადონ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია.

-„ხშირად გვესმის, – გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, ნიკა მელია უნდა დააკავონ,  მიუხედავად ამ განცხადებებისა, ნიკა მელია თავისუფალია. იმედი მაქვს, ასეც დარჩება მომავალშიც. ნიკა მელიას დაკავება არ ნიშნავს მხოლოდ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავებას, ეს ნიშნავს რომ ქვეყანაში დამყარდეს დიქტატურა, რასაც არ დაუშვებს არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც მთლიანად ოპოზიცია, არც ჩვენი საზოგადოება. მგონი, „ქართული ოცნების“ ინტერესებში უნდა იყოს ახლა ხელახალი არჩევნების ჩატარება,  რაც უფრო სწრაფად ჩატარდება, მით უფრო სწრაფად გადავარჩენთ ქვეყანას, სწრაფად გადაირჩენს თავს „ქართული ოცნებაც.

დაველოდებით, რა პასუხი ექნებათ ჩვენს შეთავაზებაზე, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.  რა თქმა უნდა, აქცია დროებით გავაჩერეთ. არ გაგვიუქმებია. „ქართული ოცნებიდან“ თუ არ იქნება შესაბამისი პასუხი და რეაგირება, ბუნებრივია, აქციები დაიწყება – იქნება ძალიან მასშტაბური საპროტესტო აქციები“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული მომავალი, მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ ყველაფერი გააკეთოს.

კომენტარები