პაატა იმნაძე: „რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აქვთ, –  გავწიროთ?! – რაც უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება, მით მეტი გარდაცვლილი გვეყოლება ქვეყანაში“

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებადა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან ეს ქვეყანაში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

-„ჯანდაცვის სისტემა მზად არის. გამზადებულია 1200 ადგილი, თუ საჭიროა, 5 ათასზეც ავალთ. არ გვინდა ეს მოხდეს, თორემ საავადმყოფოებში ავადმყოფების განთავსების პრობლემა საქართველოში არ გვექნება.

რაც უფრო მეტი ავადმყოფი იქნება, მით მეტი ჩვენი მოქალაქე დაიღუპება, რომელიც ჩვეულებრივად არ დაიღუპებოდა. ეს უნდა გავითავისოთ ყველამ,  100 ათასი ადამიანი თუ გახდება ავად, აქედან 1% ბევრია უკვე. არ გვინდა, ათასი კაცი მოკვდეს ამ კოვიდით. თუ ბევრი გახდება ავად, სამწუხაროდ, ბევრი გარდაიცვლება, თორემ უმრავლესობა გადაიტანს უპრობლემოდ. ჩვენი ახლობლები, ჩვენი ხანშიშესული თაობა, ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აქვთ, –  გავწიროთ?! ხომ არ უნდ გავწიროთ ეს ადამიანები. დავიცვათ ელემენტარული წესები, ამ ადამიანებს მოვუფრთხილდეთ.

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, მაგრამ წარმოუდგენელია, თითო სამარშრუტო ტაქსიში, ავტობუსში ან რესტორანში წესების დასაცავად თითო ადამიანი გამოიყოს.

დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, რა თქმა უნდა, გაიზრდება, იმიტომ, რომ ჩვენ კონტაქტებს მივდევთ. როდესაც ჩვენ კონტაქტებში ვპოულობთ შემთხვევებს, ეს ნაკლებად შემაშფოთებელია, ისევე როგორც საკარანტინო სივრცეებში დაფიქსირებული შემთხვევები. საბედნიეროდ, დღევანდელი შემთხვევების საკმაოდ დიდი რაოდენობა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, რომლებიც მოძიებული გვყავს და გამოვიკვლიეთ, თუმცა, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი ისეთი შემთხვევაა, როდესაც ინფიცირების წყაროზე ვერ გავდივართ. რა თქმა უნდა, ეს უფრო გვაშფოთებს.  თუ გვინდა, ვიცხოვროთ ისე, როგორც ზაფხულში, პრაქტიკულად შეზღუდვების გარეშე და მხოლოდ პირბადის ტარებით, თუ გვინდა, გვერდით უამრავი ავადმყოფი გვყავდეს. გასაგებია, ბევრი მსუბუქი შემთხვევაა და ამაზე ბევრი სპეკულაციაც მიდის. ევროპაში და ამერიკაში ასეთი ადამიანები საერთოდ ვერ ხვდებიან საავადმყოფოებში, სახლში რჩებიან და ექიმი მათ არც კი ელაპარაკება. ჩვენ ამ ადამიანებს იმიტომ არ ვტოვებთ სახლში, რომ ისინი ასე კიდევ უფრო გაავრცელებენ ვირუსს.

სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეების ნაწილს მიავიწყდა კორონა. ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებას რეკომენდაციების შეუსრულებლობას უკავშირებს.

ელემენტარული რეკომენდაციები რომ ყოფილიყო დაცული, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ, – ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ნიღაბი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეებში, დისტანცია დავიცვათ… ქართველები ვართ, ყველა ვყოფილვართ ქორწილში. კი, დისტანციას ვერ დაიცავს, მაგრამ არ არის აუცილებელი იყოს 300-კაციანი. შედეგებს ახლა ვიმკით ამისას.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა იმის გამო, რომ მოქალაქეთა ნაწილმა რეკომენდაციები არ დაიცვა, ინფიცირებულების რაოდენობა უფრო გაიზარდა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

-„კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 8 პაციენტის წყარო უცნობია. 57 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: 5 ინფიცირების წყარო არის „დონა“, 14 პაციენტის წყარო გახლავთ ქალაქი ბათუმი, 18 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 4 პაციენტის წყარო აჭარაში მოგზაურობის ისტორიაა, სამი შემოტანილი შემთხვევაა,  მათგან ორი სატვირთოს მძღოლია, 5 სამედიცინო პერსონალია, 8 პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და ინფიცირების წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები