პაატა სილაგაძე: „როდესაც 10 -კაციანი სია შედგა, პირველი კომენტარები ქალბატონი ეკასგანაც იყო, რომ მისი შვილის საქმის მოსამართლის კანდიდატურის განხილვა არ უნდა მომხდარიყო“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პაატა სილაგაძეს მოუსმინეს.

დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას კითხვები დასმა სურდა.

მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადა:

„როდესაც 10 -კაციანი სია შედგა, პირველი კომენტარები ქალბატონი ეკასგანაც იყო, რომ მისი შვილის საქმის მოსამართლის კანდიდატურის განხილვა არ უნდა მომხდარიყო. მას წინასწარ, გამოკვეთილი აქვს აზრი, რომ მე უარყოფითი პიროვნება ვარ. ასევე იყო გუშინ, „პალიტრანიუსზე“, როდესაც ის ინტერვიუს აძლევდა და ამბობდა: – „ნახეთ რა ელის მას, უარეს მდგომარეობაში ჩავარდება. სასაცილოა ამ კანდიდატის წარმოდგენა საერთოდ“. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება შურისძიების ეტაპი, იმიტომ, რომ მე მისი შვილის საქმე განვიხილე“.

ეკა ბესელიამ  პაატა სილაგაძეს მიმართა:

„ბატონო პაატა, თქვენ არ ინერვიულოთ, მშვიდად შეეეცადეთ გამცეთ პასუხები. შურისძიება რომ მდომოდა, ან თქვენი ან იმ ადამიანების მიმართ, ვინც სისხლგაყინებულებმა, უხორცოდ და უსულგულოდ გაასამართლეთ სკოლის მოსწავლე პატარა ბიჭი, არარსებული დანაშაულისთვის, იმიტომ, რომ მე ვერაფერი მომიხერხეთ, 7 წელი ვიყავი ხელისუფლებაში… ამ დროის განმავლობაში არც ერთი ის პროკურორი და არც ერთი ის მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა ამ საქმეში, ჩემი მხრიდან არასდროს დასმულა მათი პასუხისმგებლობის საკითხი“.

 

კომენტარები