პარლამენტში განსახილველი კანონპროექტის მიხედვით, 2023 წლამდე, უძრავი ქონების რეგისტრაცია ოჯახის სოციალურ ქულაზე არ აისახება

1-ელ მარტს პარლამენტი განიხილავს ინიციატივას, რომელიც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში“ ცვლილებას გულისხმობს.

კანონპროექტის მიხედვით, 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, სპორადული ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციას გავლენა არ ექნება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე. უფრო ზუსტად, მიწის რეგისტრაცია სოციალურ ქულაზე არ აისახება.

„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება არის დროებითი ღონისძიება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში სოციალური დახმარების მიმღები პირებისთვის შეღავათიანი პირობის გასავრცელებლად“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

იგივე ცვლილება პარლამენტმა 2019 წლის 11 დეკემბერსაც დაამტკიცა, თუმცა მისი მოქმედების ვადა 2021 წლის 1-ელ იანვარს ამოიწურა.

 

წყარო: “imedinews.ge”.

კომენტარები