„ჟორიკა რურუა კრიმინალი, ბანდიტი და ყაჩაღია“- გოგა ხაინდრავა:

„შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო და ისინი ამოფარებული არიან პოლიტიკას“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი ხაინდრავამ განაცხადა.

ხაინდრავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილი ოპოზიციონერები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამომრჩეველი ძნელია, ენდოს მათ ერთობას.

ხაინდრავას განცხადებით, ყველაზე სახიფათო, რაც დღეს ხდება საქართველოში, არის მედიისა და პოლიტიკის სრული კრიმინალიზაცია.

„საქართვეოში მედიასა და პოლიტიკას ამოფარებული კრიმინალები მორალს სპობენ. ჩვენ ვართ მოწმე, რომ შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო და ისინი ამოფარებული არიან პოლიტიკას. ამ პროცესმა ძალიან ღრმად გაიდგა ფესვი და ამ პროცესის სიმბოლოა ჟორიკა რურუა, რომელიც ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ცალსახად კრიმინალი, ბანდიტი და ყაჩაღია. მის წინააღმდეგ აღძრული იყო ძალიან მძიმე, კრიმინალური საქმეები და უამრავი ადამიანია, რომელიც დღესაც მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს – მკვლელობებსა და უამრავ დანაშაულზე. ეს იცის საქართველომ და ცნობილია ყველასთვის“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, მსგავსი რამ, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ხდება რურუას მიმართ, “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრების მიმართაც არ ახსოვს. ხაინდრავა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობის სისუსტეზე მეტყველებს.

„ჩვენ მივეჩვიეთ ამ განცხადებებს, ნუ რას იზამ?! ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის – ძველი აღმოსავლური ანდაზაა. ქართველმა საზოგადოებამ, როგორც არავინ, კარგად იცის, რას წარმოადგენენ რურუა, უგულავა, ოქრუაშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშილი და ასე შემდეგ. ეს არავის ესწავლება“, – დასძინა ხაინდრავამ.

მოამზადა ნათია ბერიძემ

წყარო: ჰოტნიუსი

კომენტარები