პრეზიდენტი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე – პოლიტიკური მანიპულაციები, რომელიც ავნებს ორივე ქვეყანას, არავის სჭირდება

ქართველებისა და აზერბაიჯანელების ურთერთობა, პირველ რიგში, დაფუძნებულია სიყვარულზე და იმ ქართული წარმოშობის მოქალაქეებზე,რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და რომლებსაც ვესტუმრე ჩემი აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, – ამის შესახებ საქათველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალურ მიღებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველები და აზერბაიჯანელები ვართ ევროპისკენ მიმავალ „ერთ გზაზე, შავი ზღვის და კასპიის ზღვის შორის და სწორედ ამ გზაზე, ჩვენი ქვეყნების დიდი განვითარება არის მოსალოდნელი“.

„ჩვენი ურთიერთობა დაფუძნებულია საერთო მეგობრობაზე, საერთო ისტორიაზე, საერთო ინტერესებზე, მაგრამ პირველ რიგში, ვიტყოდი, დაფუძნებულია სიყვარულზე და იმ ადამიანებზე, იმ ქართული წარმოშობის მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ თქვენს ტერიტორიაზე და რომლებსაც მე ვესტუმრე ჩემი ვიზიტის დროს, იმ აზერბაიჯანელი წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ თქვენს ტერიტორიაზე და არიან ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ქვეყნის. ეს არის ის ადამიანური ჯაჭვი, რომელიც გვაერთიანებს ორივე ქვეყანას და რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე გვაერთიანებს ეკონომიკა და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენ ვვითარდებით ერთად. ჩვენ ვართ ერთ გზაზე, შავი ზღვის და კასპიის ზღვის შორის და ჩვენი გზა ევროპისკენ, როგორც ჩვენი გზა აღმოსავლეთისკენ, არის ერთი, საერთო გზა და ამ ამ გზაზე ჩვენი ქვეყნების დიდი განვითარება არის მოსალოდნელი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს კულტურა აერთიანებს და ის, რომ ორივე იცავს მეორე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და იმიტომ, რომ კავკასია არის და იქნება სტაბილურობის რეგიონი, შეიძლება, ვიღაცებს ეს არ მოსწონთ და შეიძლება, ამიტომ მიდის მანიპულირება ზოგი საკითხების. ამ დღეებში გვესმის ეს აჟიოტაჟი. ასეთი ახლობელი სახელმწიფოებს შორის არის მოლაპარაკებები და ეს არის განვითარებული, მშვიდობიანი და დღევანდელი, 21-ე საუკუნის გზა მეგობართა შორის. ვისაც უნდა, სხვა გზაზე წაგვიყვანოს, ის ეკუთვნის წარსულს, იმ წარსულს, რომელშიც არ დავბრუნდებით და ეს პოლიტიკური მანიპულაციები, რომელიც პრინციპში, ავნებს ორივე ქვეყანას, რადგან ავნებს კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას, არავის სჭირდება. ჩვენ ეს კარგად გვესმის და შევძლებთ ერთობლივ მუშაობას მიზნისთვის, რომელიც აუცილებელია. რაც ვთქვი აზერბაიჯანში, იმას გავიმეორებ, რომ ორ მეგობარს შორის არ შეიძლება იყოს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი ჩვენი საზღვრების საკითხი. ვიცით თქვენც და მეც, რომ ამაზე ვიმუშავებთ და დარწმუნებულები ვართ, მივაღწევთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენთვისაც მისაღები და ჩვენთვისაც მისაღები. აქ შეკრებილი საზოგადოება იმის დასტურია, რამდენად ძლიერია ჩვენ შორის მეგობრობა და პატივისცემა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველას მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები