რატომ აცხობენ, ბარბარობაზე ლობიანებს? – მართლმადიდებლური სამყარო წმინდანის ხსენების დღეს აღნიშნავს

17 დეკემბერს ქრისტიანული ეკლესია ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს.

ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

წმიდა ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა განკურნებას, ასევე შვილიერებას და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვას.
ქალწულმოწამე ბარბარე საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ოჯახებში მეკვლეს იღებენ და ლობიანებს აცხობენ.

საიდან მოდის ეს ტრადიცია და აქვს თუ არა მას ქრისტიანობასთან კავშირი?

ბარბარობა საქართველოში წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას. ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება. ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღეობად.

ღვთაება ბარბალეს ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები, – რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვირვინი და სხვა. მისდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს.

ქრისტიანობის შემოსავლის შემდეგ ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის – დიდმოწამესა და წარმართული ღვთაების გაიგივება. ამის გამო წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ღვეზელიც სამარხვო მზადდებოდა, თუმცა, ცხადია, არა ლობიოს შიგთავსით. ლობიო ევროპასა და საქართველოში მხოლოდ XVI საუკუნეში გაჩნდა და ლობიანიც სწორედ ამ დროიდან გახდა პოპულარული, განსაკუთრებით მარხვაში.
შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ლობიანის ცხობა წმ. ბარბარეს დღეს წარმართული ტრადიციაა და ქარისტიანულ რელიგიასთან კავშირში არ არის.

ქართულ წარმართულ პანთეონში საპატიო ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს – ბარბალეს. მათ დღესასწაულზე პატივის ნიშნად აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, სახელების მსგავსების გამო, დროთა განმავლობაში ორი სუბიექტის წმინდა ბარბარესი და მზის დედის – ბარბალეს გაიგივება მოხდა.

ეს არ იყო საეკლესიო სწავლება, მაგრამ მან ნელ-ნელა ხალხში ფეხი მოიკიდა.

სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით, მხოლოდ საქართველოში აცხობენ ბარბარობა დღეს ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს. შესაბამისად, წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს ლობიანების გამზადება წარმართულია. თუმცა, როგორც სასულიერო პირები გვასწავლიან, თუ ამ წესს, როგორც ტრადიციას ისე აღვიქვამთ და არა როგორც წარმართულ ჩვეულებას, მაშინ მისი გამოყენება ცოდვად არ აღიქმება.

 

17 დეკემბერს,  წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღა!

კომენტარები