რწმენა, რელიგია, ეკლესია – ეს ფაქიზი თემაა ყველა დროს და ყველანაირ პირობებში

– “კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო გათიშა, ევროპის სახელმწიფოებმა კვლავ გაიხსენეს ძველი საზღვრები, დროებით დაივიწყეს შენგენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, გერმანელი ისევ გერმანელი გახდა, იტალიელი – იტალიელი, ესპანელი – ესპანელი და ა.შ. ასეთი პანიკა, ასეთი გამკაცრებული ზომები მსოფლიო ომების დროს არ ყოფილა, სამყარო ვირტუალურ ცხოვრებაზე გადავიდა, გაჩნდა მოწოდებები – „დარჩი სახლში!“ ადამიანებს ერთმანეთისა ეშინიათ, ადრე თუ ცხვირის დაცემინებაზე ადამიანს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებდნენ, ახლა მისგან შორს გარბიან. იქნე არ გჯერათ, მაგრამ პოლიციასაც კი იძახებენ, მეზობელი რაღაც საეჭვოდ ახველებსო. ვიღაცა ამ ქმედებას ამართლებს და გმირობადაც მიიჩნევს, ვიღაცას კი ამაზე, მაპატიეთ და, გული ერევა. ანეკდოტებიც უკვე პანდემიის შესაფერისი ვრცელდება. მაგრამ ამჟამად საანეკდოტედ ნამდვილად არ გვაქვს საქმე.

 

კორონავირუსმა საქართველოსაც ჩამოუქროლა და შეაშფოთა ქართველები, მთელი ძალით ამოქმედდა ხელისუფლება, გაითვალსწინა ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მწარე გამოცდილება და ჯერ-ჯერობით წარმატებით სძლევს პანდემიას, მედიცინის მუშაკები მართლაცდა გმირულად იღვწიან და სასწაულებს ახდენენ, თუმცა ვირუსი არ დრკება, დაძრწის ყველგან და ეძებს სამსხვერპლოს.

 

ჩვენ, როგორც ტრადიციების მოყვარული ხალხი, უმალ დავფიქრდით იმაზე, თუ როგორ მოვიქცეთ, განვუდგეთ წინაპართა მიერ ჩვენამდე სისხლით და სიცოცხლის ფასად მოტანილ ადათ-წესებს და დავემორჩილოთ საერთო მოთხოვნებს, თუ გავაგრძელოთ ცხოვრება ჩვეულებრივად, თითქოსდა, განსაკუთრებული არაფერი ხდება, ვირუსი არ არსებობს? არ გამოდის, გლობალიზაციის ეპოქაში შენც მეტ-ნაკლებად მისი შემადგენელი ნაწილი ხდები და რაღაც საერთო კანონებსაც  უნდა დაექვემდებარო, მით უმეტეს, როცა მსოფლიოს უმდიდრესი და პოლიტიკის წარმმართველი ქვეყნები ცვლიან ცხოვრების წესს და ემოჩილებიან ერთ საერთო ცენტრს, ამჯერად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და მის მითითებებს. რა თქმა უნდა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.

კორონავირუსის პირობებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა რელიგია, რწმენა, ეკლესია, რომელიც ჯერ-ჯერობით მყარად დგას ფეხზე საქართველოშიც და სხვაგანაც და ინარჩუნებს ტრადიციებს. შეეცადნენ, აეკრძალათ ზიარების წესი მართლმადიდებელთათვის. არ გამოვიდა. შემდეგ წირვა-ლოცვებზე მრევლის შეკრებას მიადგნენ და სოციალური დისტანციის დაცვა მოითხოვეს, მოითხოვეს ეკლესიაც დაემორჩილოს საგანგებო ვითარების მოთხოვნებს და შეწყდეს ერთობლივი ლოცვები დახურულ სივრცეში. საბედნიეროდ, ჯერ-ჯერობით არავინ აპირებს ეკლესია-ტაძრების დახურვას.

რატომ გავაკეთეთ ამგვარი ვრცელი შესავალი. ცნობილი გახდა, რომ ისრაელში გამოკეტეს სამლოცველოები, სინაგოგები, შემოიღეს ჯარიმები იმათ წინააღმდეგ, ვინც დაარღვევს ხელისუფლების მიერ გაჟღერებულ წესებს და ძველებურად გაეშურებიან სალოცავად სინაგოგებისკენ. იერუსალიმში დახურეს მაცხოვრის საფლავის ტაძარიც, ერთი კვირითო – განაცხადეს, მაგრამ რა იქნება ერთი კვირის შემდეგ, არავინ უწყის, არადა, კარსაა მომდგარი უფლისა ჩვენისა იესოს მკვდრეთით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ჯერ-ჯერობით დუმან იმის შესახებ, თუ რა და როგორ ჩატარდება მაცხოვრის საფლავთან, რა მოხდება ღვთიური ცეცხლის გარდმოსვლისას…

მოგახსენეთ, სინაგოგები დახურეს, აკრძალეს შეკრებები და ერთობლივი ლოცვები, მოსახლეობას (ებრაელობას ვგულისხმობ) მოუწოდეს, დარჩნენ სახლებში და იქ ილოცონ. თუმცა ბევრისთვის ამგვარი ვითარება მიუღებელი აღმოჩნდა და გამოჩნდნენ ორთოდოქსები, რომლებსაც არ სურთ განცალკევებით ლოცვა. ერთ-ერთი ქალაქის საბჭოს ჩინოვნიკი აცხადებს, რომ ასე, სახლის პირობებში, ვერ ახდენს კონცენტრაციას, მას და ბევრ ებრაელს სურს კვლავინდებურად სინაგოგაში მისვლა და ლოცვა. გვესმის, რაც ხდება, მაგრამ ტრადიციებისგან განდგომას სიკვდილი გვირჩევნიაო, – აცხადებს ის. ტრადიციებმა, ადათ-წესებმა გადაგვარჩინესო ებრაელობა, როგორც ერი და ახლა, ვირუსის გამო, ყველფრისთვის ხაზის გადასმა ერ ეგებისო. სოციალურ ქსელებში აქტიურად მსჯელობენ შექმნილ ვითარებაზე ებრაელებიც და სხვა კონფესიების მიმდევრებიც, რომლებიც ისრაელის მოქალაქენი არიან. უმრავლესობა მომხრეა, დაემოჩილოს ხელისუფლების განკარგულებებს, მაგრამ ბევრი აპროტესტებს ტაძრების დახურვას და მის გახსნას მოითხოვენ, ვისაც სურს, მან იქ უნდა ილოცოს და იმგვარ პირობებში, სადაც სურს და როგორც ამას ტრადიცია ითხოვს.

მე არავის არაფრისკენ მოვუწოდებ და არ ვაგულიანებ, რელიგია, რწმენა, ეკლესია – ეს ფაქიზი (თანამედროვე პოლიტიკოსების ენაზე – სენსიტიური) თემაა და პანდემიის თუ ეპიდემიის პირობებშიც კი მისდამი ასევე ფაქიზი მიდგომაა საჭირო. პანდემიის ჟამს ერთობლივად უნდა იმოქმედონ, ერთობლივად უნდა განსაზღვრონ მოსახლეობის, მით უმეტეს, მრევლის ქცევის წესები ქვეყნის ხელისუფლებისა და ეკლესიის მესვეურებმა. არ უნდა მოხდეს განზე გადგომა და გადაწყვეტილებების უთრთიერთდაუკითხავად მიღება, რამეთუ საქმე გვაქვს ადამიანთან, მის სიცოცხლესთან, რომელსაც, მავანთა სურვილისდა მიუხედავად, ტრადიციაც და უფლისადმი რწმენაც დიდად განსაზღვრავს.

აქვე გთავაზობთ საიტს, რომელის ერთ-ერთ სტატიაშიც საუბარია ისრაელზე და იმაზე, თუ რა ხდება იქ რელიგიის კუთხით ყველასთვის ამ უმძიმეს პერიოდში.

https://www.vesty.co.il/articles/0,7340,L-5702101,00.html?fbclid=IwAR1uHrxhR77NBK9RpUPjyO_5KbVzFeQ9dSxJG1251Wd2dyQolblArgioTzQ ” – წერს ემიგრაციაში მყოფი ქართველი ცნობილი ჟურნალისტი, ამირან ბუთურიშვილი

 

კომენტარები