„სავალალო ვითარება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სფერიში გელათის მიმდინარე ეროვნული და სახელმწიფოებრივი მასშტაბის ტრაგედიით პიკს მიაღწია“ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

-„სავალალო ვითარება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სფერიში გელათის მიმდინარე ეროვნული და სახელმწიფოებრივი მასშტაბის ტრაგედიით პიკს მიაღწია, წლების მანძილზე ნაგროვები შეცდომების და არაკვალიფიციური რესტავრაციები გელათის რეაბილიტაციის მრავალწლიან პროგრამაში კონცენტრირდა და მასშტაბურად წარმოჩინდა, სახეზეა არამხოლოდ დაუდევრობა და არაკვალიფიციურობა, არამედ დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე. ახლა, როდესაც წესით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წარსული 2020 წლის საქმიანობის სრულ ანგარიშს უნდა გვაცნობდეს და ასევე წარმოგვიდგინოს ახალი 2021 წლის დაგეგმილი საქმიანობის და პროექტების სრული ნუსხა, ამის ნაცვლად გელათის სახურავზე დარბიან და შემოდგომაზე ნაცოდვილარ დროებით გადახურვას ახლიდან აკეთებენ. არადა რამდენი კრიტიკა და შენიშვნა მიიღეს ამ დროებით გადახურვაზეც და არ მიიღეს და არ გაითვალისწინეს, ჯიუტად აცხადებდნენ, რომ დროებთი გადახურვა სრულფასოვანია და კრიტიკა არაობიექტურიაო. ნეტავ, ახლა მაინც თუ სცხვენიათ დაშვებული შეცდომების და თავიანთი ჯიუტი უგნურების?! არ ვიცი, ის კი ვიცი, რომ გელათის დაზიანების პროცესი გრძელდება. აცხადებენ უტიფრად, ახლა წყალი არ ჩასულაო, დროებითი სახურავის ნაწილი არ ჩამოვარდნილაო, მხოლოდ პირი გააღოო, არადა დასავლეთი მკლავის დროებითი სახურავის დასავლეთი მონაკვეთი ნამდვილად აყრილი იყო და თოვლის საფარით დაფარული (იხ. ფოტი ქვემოთ თორნიკე ბარათაშვილის (Tornike Baratashvili) ფოტო, 19.01.2021) და რას ჰქვია წყალი არ ჩასულა?! თუ წყალგამტარი არაა ეგ მონაკვეთი, აბა დროებითი სახურავი რატომ გაუკეთდა დეკემბერში?! ჩვენ ასევე მთელი ეს თვეები სააგენტოს ხელმძღვანელობისაგან გვესმოდა უდიდესი სიყალბე, რომ ფრესკები არ დაზიანებულა, რომ წყლის ჩადინებამ მხოლოდ სარესტავრაციო ქიმები ჩამოყარა იატაკზე. არადა, ელემენტარულია: თუ ფრესკა დასველდა, მისი სარესტავრაციო ქიმები ჩამოვარდა, ესე იგი კიდეც დაზიანდა, რადგან ფერების აქერცვალა, გაუფერულება გარდუვალია ბათქაშის დასველების გამო. თუმცა, როგორც სჩანს ამ არაპროფესიონალებს, რომელთათვისაც ეს სფერო მხოლოდ ბუღალტერიაა და სახელისუფლებო პიარის ნაწილი, ეს არაფრად მიაჩნდათ და მხოლოდ მაშინ აღიარებდნენ დაზიანებას, თუ თავად ფრესკების ბათქაშები ჩამოცვივდებოდა მასობრივად. სჩანს ასე პრიმიტიულად უყურებენ საკითხს, ან უბრალოდ თავის დაცვისათვის აწყობდათ ასეთი სიცრუის მასობრივი ტირაჟირება ტელეეთერებიდან.
გელათის პარალელურად უკანასკნელი წლებია სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო პროცესი მიმდინარეობს ისეთ გრანდიოზულ და ისტორიულ ძეგლებზე, როგორიცაა ა წ ყ უ რ ი ს ა და კ უ მ უ რ დ ო ს კათედრალები. ამ პროცესების ხარისხიანობა ბუნებრივია ასევე ეჭვის ქვეშ დგება, მოვუწოდებ ხელოვნებათმცოდნეებს და პროფესიონალ რესტავრატორებს დაინტერესდნენ აწყურით და კუმურდოთი, რათა იგივე და უარესი, გამოუსწორებელი შედეგები არ მივიღოთ. ჩემთვის ცნობილია სოცქსელიდან, რომ აწყურის რესტავრაციის მიმდინარე პროცესზე ძალიან სერიოზული შენიშვნები ჰქონდა პროექტის თავდაპირველ ავტორს, არქიტექტორ-რესტავრატორ გოგოთურ მისრიაშვილს (Gogoturi Misriashvili), მაგრამ სააგენტოს ხელმძღვანელბამ არ შეისმინა მისი და არც საზოგადოება დაინტერესდა დიდად. ჩვენთან, ხომ ურემი როცა გადაბრუნდება, გზა მხოლოდ მაშინ გამოჩნდება ხოლმე, მანამდე არის სრული სიბრმავე და სიყრუე საზოგადოებისაგან.
ერთი სიტყვით, ჩვენ მოწმენი ვართ სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურის (საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო /საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა) წარმოუდგენელი არაპროფესიონალიზმის, არაკომპეტენტურობის, დაუდევრობის და ცრუპენტელობის, რასაც ეწირება დიდ წინაპართა მიერ საუკუნეების მანძილზე დატოვებული უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული და კულტურული საგანძური, ხოლო მომკითხავი და პატრონი არავინაა ქვე-ყანაში“.
კომენტარები