საკაო ერთ-ერთი უძველესი დასახლებული ადგილია რაჭაში. აღმოჩენილია ადრინდელი ნეოლითური ხანის ადამიანის ღია სადგომი

ონის მუნიციპალიტეტის სოფელი საკაო მდებარეობს მდ. საკაურას მარცხენა მხარეს. დასავლეთიდან ესაზღვრება სოფ. მაჟიეთი. ზ.დ. 1320 მ. ონიდან 10კმ. წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან.
საკაო ერთ-ერთი უძველესი დასახლებული ადგილია რაჭაში. აქ აღმოჩენილია ადრინდელი ნეოლითური ხანის ადამიანის ღია სადგომი, რომელიც ბოლომდე არ არის შესწავლილი მეცნიერულად. ცხადია არქეოლოგიური კვლევა საკაურის ხეობაში ახალ და საინტერესო შრეებს გამოავლენს ძველი ადამიანის ნაცხოვრებ ადგილებში. სოფლის ტერიტორიაზე სხვა ეპოქათა კულტურის ნივთიერი მასალაცაა შემთხვევით ნაპოვნი. მათ შორისაა ბრინჯაოს კოლხური ცული და მეტად საინტერესო ბრინჯაოს ხარირმის სკულპტურული გამოსახულება(სოფ:მაჟიეთი). მკვლევარები მას საკულტო- სარიტუალო დანიშნულების ნივთად მიიჩნევენ და ძვ.წ.IV- V საუკუნეებით ათარიღებენ.
საკაურის ხეობის მოსახლეობა დაწინაურებული ჩანს ფეოდალურ ხანაში. ამის დასტურია აქ არსებული ძველი ქრისტიანული ტაძრების უამრავი ნაშთი და სამონასტრო ცხოვრება. მოკიდებული განვითარებული შუა საუკუნეებიდან XVIII- საუკუნემდე საკაოში მოქმედებდა დიდი მონასტერი ,,სამზირის უდაბნოს“ სახელით. სავანის X საუკუნის წმ. გიორგის დარბაზულმა ეკლესიამ XX საუკუნემდე მოაღწია დაზიანებული სახით.
სოფლის ზემოთ დგას ახალი დროის ქაშუეთის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია, იგივე საკაოს ,,ქაშუეთის მთავარმოწამე“. ტაძარი აგებულია ძველი ეკლესიის ადგილას. როგორც გ. ბოჭორიძე წერს: ,,მისი საძირკველის გათხრის დროს აღმოჩენილია ერთი ადამიანის აკლდამა, რომელშიც ყოფილა ბრინჯაოს ნივთები: ცული, სამკაულები, მშვილდი,ისარი და სხვ.“

წყარო: ვაჯა გობეჯიშვილის წიგნი “ჩემი თვალით დანახული რაჭა”.

კომენტარები