სალომე სამადაშვილი: შეთანხმების ერთადერთი საგანი, რომელზეც დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ, არის ვადამდელი არჩევნები და ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება

შეთანხმების მთავარი გასაღები ხელისუფლების განკარგულებაშია. დღეს ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, ვნახავთ, რა წინადადებებით მოვიდა მმართველი გუნდი მედიატორთან შეხვედრაზე და შესაბამისად განისაზღვრება ჩვენი პასუხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ უკვე წავედით გარკვეულ კომპრომისებზე, როდესაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განვაცხადეთ, რომ დაე, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, პლებისციტის გზით, ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები. მიგვაჩნია, რომ ქვეყანას, კრიზისიდან გამოსასვლელად, სჭირდება ვადამდელი არჩევნები. შეთანხმების ერთადერთი საგანი, რომელზეც დღეს შეგვიძლია, ვისაუბროთ, არის ის, თუ როგორ მივალთ ამ არჩევნებამდე. ცხადია, პოლიტპატიმრების – ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება ოპოზიციის უკლებლივ ყველა სუბიექტის მოთხოვნად. ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა გადადგას ყველა ნაბიჯი, რომ თავიდან აიცილოს კრიზისის გამწვავება“ – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ხვდებიან.

„ქართული ოცნების“ მხრიდან, შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებიან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

 

წყარო: “imedinews.ge”.

კომენტარები