„საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ – რომანის პრეზენტაცია თბილისში
19 მაისს, ქ. თბილისში „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში, ქართველი მწერლის, მთარგმნელის, პოეტის, მოთხრობების კრებულისა და დოკუმენტური წიგნის ავტორის, „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტის ანასტასია ხატიაშვილის სადებიუტო რომანის „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ (Лучшее, чего у меня нет) პრეზენტაცია გაიმართა.
„საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ – 334 გვერდიანი ფსიქოლოგიური ტრილერია, რომელიც რუსულ ენაზეა დაწერილი და 16 თებერვალს გამოიცა პლატფორმაზე Ridero. იმავე თვეში რომანი საგამომცემლო სერვისი Ridero-ს თებერვლის საუკეთესო წიგნების რეიტინგში მოხვდა.
ავტორმა წიგნის მიხედვით უკვე დაწერა კინოსცენარი, რომელიც ასევე გამოარჩიეს რუსეთში. კერძოდ, ანასტასიას სცენარი რუსი მსახიობისა და რეჟისორის დანილა კოზლოვსკის სტუდიის DK Entertainment კონკურსის მონაწილე გახდა.
„მოხარული ვარ, რომ ჩემს პირველ რომანს უკვე აქვს მცირე გამარჯვება. ეს ისტორია უნდა მოეწონოს მკითხველს, რადგან ესაა თანამედროვე თბილისელებზე, რომლებიც ჩვენ შორის ცხოვრობენ, ეძებენ სიყვარულსა და ბედნიერებას და ებრძვიან ბედის უკუღმართობას. იმედი მაქვს, რომ რომანი მალე ქართულადაც გამოვა“, – აღნიშნა ავტორმა.
მაიკო ხვედელიძე