„საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს“

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic საქართველოს შესახებ მე-4 სტატიას აქვეყნებს, – „საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს“.

ჟურნალისტის,  აარონ ჰუის  თქმით, საქართველოში მოგზაურობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს, ეს არის ქვეყანა მდიდარი კულტურით და მრავალფეროვანი ბუნებით.

აარონ ჰუი სტატიას სვანეთში მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარებით იწყებს. ჟურნალისტი სვანეთის უძველეს სოფლებს, შუასაუკუნოვან კოშკებს, ველურ ბუნებასა და სვანურ სამზარეულოს აღწერს.

ჟურნალისტი ამბობს: „კავკასიონის მწვერვალებიდან შეგიძლიათ მარტვილის კანიონი იპოვოთ, აქ ნავით მწვანე ფერის წყალში კლდოვან ნაპირებს შორის გაისეირნებთ, ეს ადგილი დაკიდულ ბაღებს ჰგავს.  ჩანჩქერები ლურჯ და მწვანე ფერებად ჩამოედინება.

ჟურნალისტი მკითხველს ჩოხატაურსა და ბახმაროში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, ქვევრს, 8 ათასწლოვან ისტორიას, მომზადების წესებს.

თბილისი ყოველთვის იყო კულტურის ცენტრი, ეს ქალაქი გამორჩეულია რელიგიების, ეთნიკური ჯგუფების სიმრავლით. როდესაც საქართველოში ჩახვალთ თავგადასავლებს ელოდეთ, არ იჩქაროთ, აქ მოხვდებით ფესტივალებზე, დააგემოვნებთ ქართულ კერძებს. იყავით მზად, რომ შეიძლება ადგილობრივებმა სიმღერა გასწავლონ. როგორი მორცხვიც არ უნდა იყოთ, მაინც იცეკვეთ, თუ უკან მოიხედავთ, დაინახავთ, რომ ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გადაგხდენიათ. დიახ ეს საქართველოა“.

National Geographic-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ 5 სტატია გამოქვეყნდება.

კომენტარები