საქართველოში ვიზიტით ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება

საქართველოში ვიზიტით ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროში უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი უძღვებოდა.

ქართულმა მხარემ ნატოს საერთაშორისო სამსახურის, საერთაშორისო სამხედრო სამსახურისა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი შტაბ-ბინის წარმომადგენლებთან ერთად ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმების ფარგლებში განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა.
შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიმდინარეობას.
უწყებათაშორის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს სასაზღვრო პოლიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო სამხედრო სამსახურის წარმომადგენელს, მაიორ იენს ლანდაუს მადლობის სერტიფიკატი გადასცა.

კომენტარები