საწოლზე მიჯაჭვული ჯანმრთელი ავადმყოფი

(ათეისტის მოქცევა წმიდა სერგი რადონეჟელის მიერ)
… რამდენი, სრულიად სხვადასხვა ადამიანი მოდის ყოველდღე ღირს მამასთან სერგი რადონეჟელთან წმიდა სამების ტაძარში! ვინ თავისი მწუხარებით, ვინ სნეულებით, ვინ სიხარულით თუ მადლიერებით – ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოდიან აქ ადამიანები.

ერთხელაც მრავალრიცხოვან მომლოცველებთან ერთად მაღალი, წარმოსადეგი კაცი მოვიდა, შუა ხნისა… იგი ღირსი მამის წმიდა ნაწილებთან – ლუსკუმასთან იდგა და არ იძვროდა, თავი ჩაეღუნა და უჩუმრად ტიროდა, არავის აქცევდა ყურადღებას.

ტაძრის დაკეტვამდე მცირე ხნით ადრე იგი მორიგე ბერთან მივიდა და სთხოვა, ტაძრის წინამძღვარ ნიკოლოზთან მსურს შეხვედრაო.

და აი, რა მოუთხრო ამ კაცმა წინამძღვარს;

ევგენი, – ასე ერქვა მას – პირველად ორ წელზე ცოტა ხნის წინ მოხვდა ლავრაში. იგი კადრის ოფიცერი იყო, პოდპოლკოვნიკი, და რამდენიმე თანამოსამსახურესთან ერთად ჩამოსულიყო ამ ქალაქში სამსახურებრივ საქმეებზე. საღამოთი ლავრაში გასეირნება და აქაურ ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება გადაწყვიტეს…

ტაძარში წინამძღვარმა წმიდა სერგი რადონეჟელზე მოუთხრო მათ, განსაკუთრებით კი იმ მრავალრიცხოვან სასწაულებრივ კურნებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ღირსი მამის წმიდა ნაწილებთან აღესრულებოდა. ევგენი და მისი თანამოსამსახურენი ათესიტები იყვნენ და მათ, რა თქმა უნდა, არ სჯეროდათ წინამძღვრის მონათხრობისა. „დიახ, ეს ყოველივე ძალზე ლამაზია, მაგრამ ამას ხომ არანაირი კავშირი არა აქვს ჩვენს დღევანდელ ცხოვრებასთან! როგორ შეიძლება მხოლოდ ამით ცხოვრობდეს ადამიანი?!“ – დაახლოებით ასე ფიქრობდნენ ისინი…

როცა ტაძრიდან გამოდიოდნენ, ევგენი ანაზდად უკან გაბრუნდა, ლუსკუმას მიუახლოვდა, სადაც ღირსი მამის სერგი რადონეჟელის წმიდა ნაწილები ესვენა, და თავისთვის მოულოდნელად, გონებით ასე მიმართა წმიდანს: „წმიდაო სერგი, თუკი შენ მართლაც არსებობ, თუკი შენ გესმის ახლა ჩემი, ისე მოაწყვე, რომ მე ორიოდ წელი დავსნეულდე! აი, ამბობენ, რომ აქ ძალზე ბევრნი სასწაულებრივად განიკურნებიან, მე კი მინდა ავად გავხდე, ლოგინად ჩავვარდე!“

ათეისტი ევგენი ძალზე ჯანმრთელი და ძლიერი სხეულის პატრონი იყო.

სამსახურის ადგილას დაბრუნებულ ევგენის მალე სულ მიავიწყდა ეს ამბავი. ან კი რა უნდა გაგეხსენებინა? განა ცოტა უნახავს მუზეუმები თუ ღირსშესანიშნაობანი!

რამდენიმე დღის შემდეგ იგი გაცივდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ფეხზე იტანდა ავადმყოფობას – სურდოს გარდა არანაირი სნეულება არასდროს არ მიჰკარებია მის სხეულს. ახლა კი დღითი დღე სულ უფრო ცუდად ხდებოდა… ერთი კვირის შემდეგ კაბინეტში იატაკზე დაგდებული ნახეს, გონწასული.

გონს რომ მოვიდა, თეთრი ჭერი დაინახა, შემდეგ მეუღლის შეშინებული თვალები. „რა ხდება?“ – მხოლოდ ეს გაიფიქრა.

რამდენი დღე იყო ასე, – არ ახსოვს… ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ ევგენი არ გრძნობდა ისეთ სასოწარკვეთას, როგორითაც მისი ცოლი იყო შეპყრობილი… როგორც შეეძლო ანუგეშებდა მეუღლეს, თან კი ფიქრობდა: „უნდა ვიბრძოლო… შეუძლებელია ეს დასასრული იყოს… რა უაზრობაა… მაგრად უნდა დავდგე!“ და, რა თქმა უნდა, სულ არ გახსენებია ის თხოვნა, რომლითაც ასე ქედმაღლურად მიმართა წმიდა სერგის.

ავადმყოფობის გამო იგი თადარიგში დაითხოვეს. წელიწადნახევარი იმკურნალა სხვადასხვა ჰოსპიტალებში, რაღა არ სცადა, მაგრამ მისი მდგომარეობა არ იცვლებოდა. იგი ლოგინად იყო ჩავარდნილი, მხოლოდ წიგნის კითხვა შეეძლო საწოლში ნახევრად წამომჯდარს და ხელების მოძრაობა. ზოგჯერ ამ ხელებს თავის სხეულს ჩააყოლებდა, უძრავად და უმწეოდ მდებარეს, და გაოცებული ფიქრობდა: „რა არის ეს?!“

ერთხელაც გაზაფხულის ადრეულ კვირა დილით ევგენის რატომღაც კარგ ხასიათზე გაეღვიძა. თვითონაც ვერ აეხსნა, რატომ იყო ასე გახარებული, ბედნიერი. „ჭკუაზე ხომ რა გადავედიო?!“ – გაიფიქრა. გარშემო სიჩუმე სუფევდა, ფარდის ღრიჭოში მზის სხივი ჭიატობდა.

შემოვიდა მისი ცოლი. „იცი, – უჩურჩულა მან – მოდი ეკლესიაში წავალ. მეზობლის ქალმა მითხრა – დღეს აღდგომაა. ამდენი ხანია ავად ხარ, მე კი ერთხელაც არ ვყოფილვარ ეკლესიაში!“

ევგენიმ გულგრილად უთხრა: წადი, თუკი გსურსო. წეღანდელი სიხარულის გრძნობა ახლა ამოუხსნელ სევდას შეეცვალა. მან უკვე სრულიად ცხადად შეიგრძნო, რომ აღარაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა, რომ ვეღარსდროს ვერ ადგებოდა, ვერასდროს! და ევგენის სიკვდილი მოუნდა.

მეუღლე ახალი, უჩვეულო შთაბეჭდილებით დაბრუნდა ეკლესიიდან. თუკი ადრე ევგენი ამშვიდებდა მას, ახლა თვითონ იყო სანუგეშო, სასოწარკვეთილი. ცოლი სულ ლაპარაკობდა – ერთიანად გაცისკროვნებული და ფრთებშესხმული რაღაც ახალი იმედებით. ევგენის მისი ხელი ეკავა და ფიქრობდა: „აჰა, დამთავრდა ყველაფერი!“

წიგნების კითხვასაც გაანება თავი. რაც ევგენის ცოლმა ეკლესიაში დაიწყო სიარული, წიგნებიც შეიცვალა საწოლის გვერდით მდგარ მაგიდაზე. უწინდელი სამკურნალო, აღმოსავლური ვარჯიშების ამსახველი წიგნების ნაცვლად ახლა გაჩნდა სახარება, საეკლესიო კალენდრები, წმინდანთა ცხოვრებანი. მაგრამ ევგენის ხელშიც არ აუღია ეს წიგნები, რომელთა გარეკანზეც ჯვრები იყო გამოსახული. ჯვარი ხომ სიკვდილს, სასაფლაოს აგონებდა. სიკვდილის მერე რა იქნება? არც არაფერი! ცოლი სულ რაღაც ახალს უყვებოდა, სულ აღტაცებული იყო, მის საუბარში, აქამდე უჩვეულო სიტყვები გაჩნდა: „მამაო“, „პარაკლისი“, „ღამისთევის ლოცვა“… ევგენი კი უყურადღებოდ უსმენდა, შეჰყურებდა ამ საყვარელ, გატანჯულ სახეს და ფიქრობდა: „აჰა, ყველაფერი დამთავრდა!“

შაბათს საღამოთი ცოლი ეკლესიაში წავიდა. ევგენი მარტო დარჩა. იგი მაინც ძალზე მხნე, ვაჟკაცი ადამიანი იყო – არ გაბოროტებულა, არ გაღიზიანებულა ცოლის სიხარულის მიზეზით, არ ეჭვიანობდა მისი ახალი, მოულოდნელი გატაცებით – ეკლესიის გამო. ძალზე უყვარდა მეუღლე. იწვა ცარიელ ბინაში, დათრგუნული იყო თავისი მძიმე სასწარკვეთით და ატირდა. ახლა ის ხშირად ტიროდა ხოლმე, მარტოდ დაჩენის ჟამს… როცა ცოტაოდენად დამშვიდდა, მაგიდიდან წიგნი აიღო და გადაშალა. ეს იყო „ცხოვრება ღირსი მამის სერგი რადონეჟელისა, საკვირველმოქმედისა“. აი, სურათებიც: ძველი კედლები, გუმბათები, ლუსკუმა წმიდა ნაწილებით. სერგი, სერგი… „ჰო, მე ხომ ვყოფილვარ იქ!“ – გაიფიქრა ევგენიმ.

ანაზდად ხმა შემოესმა:

– ევგენი!

ეს ალბათ ცოლს დარჩა კარი ღია და ვიღაც შემოვიდაო, – გაიფიქრა ევგენიმ.

– ევგენი, წამოდექი – შენ ჯანმრთელი ხარ!

საწოლის გვერდით უცნობი მამაკაცი იდგა, ხნიერი, თეთრწვერა, გრძელ, შავ შესამოსელში.

– წამოდექი, ევგენი!

იგი პირდაპირ თვალებში უყურებდა ევგენის და მანაც იგრძნო, თუ როგორ აღივსო მთელი მისი არსება ახალი ძალით. წამოდგა.

– ევგენი! – კვლავაც მიმართა მას ალერსიანმა ხმამ, – დღეს ზუსტად ორი წელი შესრულდა! გახსოვს?

მოხუცი უხმაუროდ მოძრაობდა. ახლა ის უკვე ოთახის ბოლოში იყო.

– ახლა შენ სრულიად ჯანმრთელი ხარ, ღმერთს ჰმადლობდე! – ეს იყო უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც ევგენიმ გაიგონა. იგი შემოსასვლელისკენ გაქანდა. კარები გარედან ჩაეკეტა მეუღლეს…

როცა ცოლი დაბრუნდა, ევგენი მუხლებზე დამხობილი დაინახა, მის წინ კი გადაშლილი წიგნი იდო. იფიქრა, საწოლიდან გადმოვარდაო, მივარდა, თვალებში ჩახედა და ძლივსღა იცნო – ევგენი ნათელი, არაამქვეყნიური თვალებით შემოსცქეროდა. მერე წამოდგა, გაიმართა, მოეხვია ცოლს და კვლავ მუხლებზე დაემხო მასთან ერთად გადაშლილი წიგნის წინაშე, საიდანაც მათ ღირსი მამა სერგი რადონეჟელი შემოსცქეროდა, საკვირველმოქმედი, დიდი კანდელი რუსეთის მიწა-წყლისა.

„ღირსო მამაო ჩვენო სერგი, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის!“ – სიხარულით და თრთოლვით ჩურჩულებდნენ ისინი.

აი, ასე სასწაულებრივად მოაქცია უფალმა ჭეშმარიტ სარწმუნოებად ათეისტი ევგენი და მისი მეუღლე…

„მართლმადიდებლური სასწაულები XX საუკუნეში“, კრებული I, თბილისი, 1996 წ.

წყარო: http://www.orthodoxy.ge/gza/evgeni.htm

კომენტარები