„სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი გამოვიყვანეთ – საკარანტინო სივრცეებში“ – მარიამ ქვრივიშვილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგი ჩაატარა.

-„სვანეთში ყველა დამსვენებელთან პირდაპირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული. დღევანდელი დღის მონაცემებით, მსხვილი სამუშაოები ჩატარდა. შეგვიძლია ვთქვათ, 900-ზე მეტი ადამიანი სვანეთიდან გამოვიყვანეთ და საკარანტინო სივრცეებში დავაბინავეთ.

ადგილზე შევაფასეთ ის ინფრასტრუქტურა რომელიც განთავსების ობიექტებშია, შევეცადეთ, ეს ყოფილიყო ასევე კომფორტული პროცესი დამსვენებლებისთვის და მათი ნაწილი, რომლებიც უკვე ცხოვრობდნენ სასტუმროებში და ისინი აკმაყოფილებდნენ შესაბამის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს გარდაიქმნა საკარანტინო სივრცედ. ადამიანების ნაწილი ორგანიზებულად გამოვიყვანეთ სვანეთიდან და გადავანაწილეთ სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში. ასევე მობილიზებული გვაქვს ტრანსპორტი, იმ ადამიანებისთვის, რომლთაც არ ჰყავთ საკუთარი ავტომანქანა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შეზღუდვები გულისხმობს შემდეგს:

უშგულსა და ლენჯერში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედ რეგულაციებს, მათ შორის – საკარანტინო შეზღუდვებს. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე – მესტიის მუნიციპალიტეტიდანაც.

ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის.

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში იფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, საბანკო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები.

თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.

მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს.

გარდა ამისა, შესაბამისი უწყებები ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს.

10 აგვისტოს კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები