ტვ „პირველის“ საახალწლო კურიოზებში – გასული წლის ერთ-ერთი მძიმე ამბავი

ტვ „პირველის“ ეთერში 31 დეკემბრის საღამოს, ტელეარხმა მაყურებელს საკუთარი „საახალწლო კურიოზები“ შესთავაზა. სამწუთნახევრიან ვიდეოში მეორე „კურიოზად“ შეტანილია გასული წლის ერთ-ერთი მძიმე ამბის, – რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და დაკავების ამბავთან დაკავშირებული ეპიზოდი.

„კურიოზში“ ტვ „პირველის“ ჟურნალისტი დაჭრილი გახელაძის დედას ამცნობს, – ვრცელდება ინფორმაცია მისი შვილის დაჭრის შესახებ, ეკითხება, – რა იცის ამის შესახებ.

-„რას ამბობთ, არაფერი არ ვიცი მაგის შესახებ, ვინა თქვა, რომ დაჭრილია“, – პასუხობს გატაცებული მოქალაქის დედა და ჩართული ტელეკამერების წინ გონებას კარგავს.  შვილის დაჭრის შესახებ დედამ პირველად სწორედ ჟურნალიტისგან გაიგო.

ჟურნალისტი ამბობს-   („ღმერთო, ეს რა დამემართა“). მომხდარიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგ, როცა მომენტის სიმძიმე და უხერხულობა, ტელევიზიის მესვეურებს, სავარაუდოდ, უკეთ უნდა ჰქონოდათ გააზრებული, აღნიშნული ეპიზოდი არც მეტი, არც ნაკლები, საახალწლო კურიოზებში ჩასვეს.

33 წლის ზაზა გახელაძე, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებია, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მახლობლად ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში დაჭრილი ცხინვალის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, შემდეგ  იზოლატორში გადაიყვანეს.

ზაზა გახელაძის გათავისუფლება ქართულმა მხარემ არაერთხელ მოითხოვა როგორც ერგნეთში, ისე ჟენევაში გამართულ შეხვედრებზე, თუმცა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მას უკანონო პატიმრობა დეკემბრის ბოლოს კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივა.

 

კომენტარები