ღირსების მარშის სამზადისი – “პრაიდში” ამბობენ, რომ ქუჩაში პოლიტიკოსებსა და დიპლომატებსაც ელოდებიან

“გამოდი სოლიდარობისთვის” – ეს არის ღირსების მარშის მთავარი სლოგანი. “თბილისი პრაიდში” ამბობენ, რომ ქუჩაში არამხოლოდ სექსუალურ უმცირესობებს, არამედ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებსაც ელოდებიან. მათი თქმით, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისგან არნახულ სოლიდარობას გრძნობენ. მიუხედავად სასულიერო პირების წინააღმდეგობისა, გეგმების შეცვლას არ აპირებენ. ტრადიციას არ ღალატობს ასევე ლევან ვასაძე. მოძრაობა “ერთობა,რაობა,იმედის” თავმჯდომარე ხელისუფლებასა და პოლიციას მიმართავს.

მზიურში “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები დღეს ვიდეორგოლს იღებდნენ, რომელიც კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ერთ-ერთი თანმხლები, დამატებითი პროდუქტი იქნება. მასში იქნება ინტერვიუებიც, სადაც ისევე როგორც “კურიერის” კამერასთან, აქტივისტები ძალადობრივი ფაქტების და საზოგადოებრივი განწყობების შესახებ ჰყვებიან, რაც მათ პროტესტისკენ უბიძგებს.

არსებობს რისკებიც და არსებობს დაპირისპირების წარსული გამოცდილებაც, ამას “პრაიდის” ორგანიზატორები თავად ამბობენ, მაგრამ აქვთ პოზიცია, რომ მათი გეგმები შიშის ფაქტორზე აგებული არ არის. წინა წლებისგან განსხვავებით მიაჩნიათ, რომ საზოგადოება უმცირესობების მიმართ მეტად სოლიდარულია და ამ მხარდაჭერას გრძნობენ, თუმცა ეს უსაფრთხოების გარანტიას არ ნიშნავს. ისინი დაცვას სახელმწიფოსგან ითხოვენ. მათი თქმით, დაცვის დაპირება საჯარო, სიტყვიერ განცხადებებში ჩანს, თუმცა როგორც თავად ამბობენ პრაქტიკაში ნაკლებად.

მოსარჯულებელი კომბლების ან გასაკოჭი ქამრების გამოტანის შესახებ მოწოდებები არ ყოფილა, თუმცა დღეს, ამჯერად უკვე პოლიტიკოსმა ლევან ვასაძემ თანამოაზრეებს სტამბულიდან მიმართა და მოუწოდა “თბილისი პრაიდის” აღსაკვეთად 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ. აქვე მან დაპირისპირების შემთხვევაში პოლიციას გვერდზე გადგომა, დასავლელ დიპლომატებს კი საელჩოებში დარჩენა ურჩია. ვასაძე ძალადობრივ ანგარიშსწორებას გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ “პრაიდის” მონაწილეებს ტერიტორიიდან გაარიდებენ.

რა პოზიცია აქვს ეკლესიას, როდესაც შესაძლოა, რომ განსხვავებული მოსაზრებების მქონე საზოგადოებრივი ჯგუფები ერთ სივრცეში დაპირისპირებულ ფლანგებზე აღმოჩნდნენ – კონტრაქციასთან დაკავშირებით სასულიერო პირების აზრები ორად იყოფა. მეუფეებს შორის არიან ისეთები, ვინც “პრაიდის” გამართვას ღიად ეწინააღმდეგება.

ის, რასაც მეუფე ტაძრის წაბილწვას ადარებს, სამოქალაქო აქტივისტების აზრით ძალადობის და ჩაგვრის წინააღმდეგ აზრის გამოხატვა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, ისევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ ამ უფლების დაცვას უზრუნველყოფენ.

 

წყარო: “rustavi2.ge”.

კომენტარები