„ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია – კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კონტროლი უნდა გამკაცრდეს“ – მარინა ეზუგბაია

-„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სამსახურების მიერ კონტროლის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს.

კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა 16 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

მართალია, მატების ძირითადი წყარო საკონდიტრო მაღაზია „დონაა“, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას.ახალი წყარო ზუსტად იმაზე მიანიშნებს, რომ თავი უნდა დავიცვათ, რეგულაციები შევასრულოთ. თავის დაცვის საუკეთესო საშუალება არის დისტანცირება და პირბადე. საკუთარ თავს, ყველას მოვუწოდებ, – პირბადეების ტარებით და დისტანცირებით დავიცვათ ჩვენი ახლობლები, მეგობრები. სადაც თავშეყრის ადგილებია, შესაბამისი სამსახურების მიერ უნდა გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმები, – სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი და სადაც შესაძლებელია, ათ კაცზე მეტი შეიკრიბოს. ამის შემოწმება და კონტროლი უნდა განახორციელოს შესაბამისმა სამსახურებმა.

ახალი შემთხვევიდან, 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება, შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა,  ხუთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 059 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

კომენტარები