შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით გამოცემული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო წესით იქნება შესაძლებელი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს.

-„ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად, შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით გამოცემული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო წესით შესაძლებელია, თუმცა საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, სტანდარტული რეგულირების მიხედვით გასაჩივრებადი იყოს შემაკავებელი ორდერი როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო წესით. გასაჩივრების შესაძლებლობა, რომელიც პროცესუალურ კანონმდებლობაში წმინდა უფლებაა და განსაკუთრებული ყურადღების საგანია ყოველთვის, მეორე მხრივ, აქვს რისკი იმისა, რომ შეიძლება ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო იყოს და გაჭიანურებულ პროცედურებსაც უკავშირდებოდეს. ჩვენ მოგვიწევს იმ არგუმენტების მხედველობაში მიღება, რომელიც შეიძლება არსებობდეს გასაჩივრების უფლების თვალსაზრისით და მეორეს მხრივ, გადაჭარბებული და ზედმეტი პროცედურები ავირიდოთ თავიდან“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

საკასაციო, იგივე უზენაესი სასამართლო ბოლო ინსტანციის სასამართლოა, რომელიც განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კომენტარები