შსს-ს ინფორმაციით, არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარ ცხრა ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება, გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 15 ფაქტი, დაკავებულია ათი პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებული ინციდენტებისა და მათზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია გააჟღერა.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს, ამ ეტაპისთვის დაფიქსირებული ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე მომხდარი რეაგირების შესახებ.

– გლდანში, N39 საჯარო სკოლაში განთავსებული საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ექვსი პირი დააკავა.

– ისანი-სამგორის რაიონში, N176 საჯარო სკოლაში მდებარე საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება.

– ქალაქ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, N36-ში მდებარე საარჩევნო უბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

– ქალაქ სენაკში, მე-16 საარჩევნო უბანში დამკვირვებლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ჯამში, არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ ცხრა ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

სისხლისსამართლებრივი ფაქტების გამოვლენის გარდა, დღეს, პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 15 ფაქტი გამოვლინდა, რომლებზეც პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება. აქედან, შვიდ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და დაკავებულია 10 პირი, ხოლო რვა ფაქტზე ჩატარდა გასაუბრებები.

გვსურს, ასევე, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მოძრაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილების შესახებ. არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადაადგილებები უკავშირდება მათ სამსახურებრივ მიზნებს, გეგმურ როტაციას ან პოლიციელთა მხრიდან საარჩევნო ხმის მიცემის კანონიერ უფლებას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, საპოლიციო ძალები გადანაწილებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ისინი უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში, საარჩევნო უბნებისგან კანონით დასაშვებ პერიმეტრზე, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ამგვარი გადაადგილებები დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს, მიუხედავად დამრღვევის პოლიტიკური კუთვნილებისა“, – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

კომენტარები